პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდიისა და დათო ფოცხიშვილის ანსამბლ „მეტეხის“ წარმომადგენლები, ასევე, დავით ევგენიძე და „რანინა“; მსახიობები – ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე; წამყვანები – ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი.
ღონისძიების კონცეფცია, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა, აგებული იყო დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე – „სიკეთით სავსე ქალაქი“.
საზეიმო ცერემონიას ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი.
„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.




