„დაწნული“- კომპანია სამთაობიანი ისტორიით და დიდი სამომავლო გეგმებით

„დაწნული“ კასპის რაიონში, ქვემო გომში მდებარეობს და დაწნულ ნაკეთობებს აწარმოებს. კომპანიას საკუთარი ფიზიკური მაღაზია აქვს გახსნილი და პერიოდულად, არაერთი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კომპანიის დამფუძნებლის, რამაზ რევაზიშვილის თქმით, აღნიშნულ საქმიანობა 24 წლის წინ დაიწყო, როდესაც პირველი კალათი საკუთარ შვილს დაუწნა.
„დაწნული ნაკეთობების დამზადება ჩვენი ოჯახისთვის უცხო არაა. ჩემს პატარაობაში, ბაბუაჩემი აკეთებდა დაწნულ კალათებს (ე.წ. საბაზრე კალათები). ბაბუის შემდეგ, ამ ხელობას მამაჩემი დაეუფლა, თუმცა ის სარეალიზაციოდ არ აკეთებდა. მამაჩემის შემდეგ, მე მოვიწადინე ეს ხელობა შემესწავლა და ბაბუის ტრადიცია გამეგრძელებინა.
თავდაპირველად, დაახლოებით 24 წლის წინ, ჩემს შვილს (როცა პატარა იყო) გავუკეთე პატარა კალათა. ამის შემდეგ, დავვინტერესდი და თანდათან ამ პროფესიასაც დავეუფლე. თავდაპირველად მხოლოდ კალათებს ვაკეთებდი, თუმცა ეტაპობრივად სხვადასხვა ნივთებიც დავამატე და ასორტიმენტი გავამრავალფეროვნე“.
როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პერიოდში შეკვეთების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და აღნიშნული საქმიანობა მეუღლესაც შეასწავლა.
„პანდემიის პერიოდში, გადავწყვიტე თავი დამენებებინა ამ პროფესიისთვის და ფიზიკური სამუშაოთი დავკავებულიყავი, ვინაიდან ვიფიქრე, რომ არავის დასჭირდებოდა ჩემი ნამუშევრები, თუმცა ჩემდა გასაკვირად, შეკვეთების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
იმდენი შეკვეთა შემომივიდა, ხალხი 3 თვე რიგში იდგა, მათი პროდუქცია რომ დამზადებულიყო.
ეს პროფესია ჩემს მეუღლესაც ვასწავლე და დღეს ორივე ამ საქმით ვართ დაკავებულები. ბევრი შეკვეთა როცა შემოგვდის, დამხმარეებიც აგვყავს და პერიოდულად რამდენიმე ადამიანსაც ვასაქმებთ“.
რამაზ რევაზიშვილის თქმით, პროდუქციის დასამზადებლად საჭირო მცენარის მოშენება თავად ადიწყო.
„დაწნული ნაკეთობების დასამზადებლად საჭირო მცენარე, რომელსაც წნელს ეძახიან, საქართველოში ყველგან არ იშოვება. ხშირად სხვადასხვა რეგიონში მიწევს მის მოსატანად წასვლა. ეს პრობლემა რომ მომეგვარებინა, უცხოეთიდან ჩამოვიტანე სპეციალური ჯიშები და მეურნეობა გავაკეთე, სადაც უნდა მოვამრავლო. მომავალ წელს უკვე მასალა საყიდი არ გამიხდება“.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, შეკვეთების რაოდენობა ყოველთვიურად განსხვავებულია და შემკვეთზეა დამოკიდებული. პროდუქციის სარეალიზაციო ფასი კი 15 ლარიდან იწყება და 10 000 ლარამდე ადის.
„ყველანაირი პროდუქციის დამზადება შემიძლია, განურჩევლად ფორმისა და სირთულისა.
ყველაზე იაფიანი, პატარა კალათებია, რომელთა ფასიც 15 ლარიდან იწყება. ყველაზე ძვირიანი კი, რაც ახლა მაქვს, სამეულია (დივანი და სავარძლები), რომელსაც ტანსაცმილის ჩასალაგებელი განყოფილებაც აქვს. იმხელა შრომაა ჩადებული მაგის დამზადებაში, 10 000 ლარზე ნაკლებად ვერ გავყიდი.
ნივთების რეალიზება ადგილიდანაც ხდება; თუ სხვა რეგიონებიდან უკვეთავენ, ფოსტის საშუალებით ვაწვდით. ასევე, დაახლოებით ერთი წლის წინ, ნატახტარში გავხსენით საკუთარი მაღაზია, სადაც შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს ჩვენი პროდუქციის შეძენა.
შეკვეთები ყოველთვიურად განსხვავებულია და დამკვეთზეა დამოკიდებულია. შესაძლოა 20-მა ადამიანმა შეუკვეთოს და ყველას თითო ნივთი უნდოდეს. შეიძლება 2-მა შემიკვეთოს და 500 ნივთი უნდოდეს. მაგალითად, საახალწლოდ 1500 კალათი შეიძინა კომპანიამ.
ხანდახან ისეთი დიდი შეკვეთები შემომდის, ფიზიკურად ვერ ვუმკლავდებით და უარს ვამბობთ შეკვეთის აღებაზე“.
მისი თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გადაწყვიტა გჯუფები აიყვანოს, ასწავლოს დაწნული ნივთების დამზადების ტექნოლოგიები და სწავლების დასრულების შემდეგ, თავადვე დაასაქმოს.

ასევე დაგაინტერესებთ