ოთხი ევროპარლამენტარი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო.
ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს კი – ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის სანქცირებისკენ.
განცხადების ხელმომწერი ევროპარლამენტარები არიან:
· ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია)
· ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი (მწვანეები/ევროპის თავისუფალი დემოკრატები, გერმანია)
· სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი (სოციალ-დემოკრატები, ლატვია)
· საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა).
ნეტგაზეთი გთავაზობთ ევროპარლამენტარების განცხადებას უცვლელად:
„ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი წევრის – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის – გასამართლებას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. მათი გასამართლება და მათთვის 2 წლით საჯარო თანამდებობის აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, დემოკრატიაზე აშკარა თავდასხმაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების გაჩუმებას და დაშინებას.
ეს ნაბიჯი ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ მცდელობებისა, გააძლიეროს ძალაუფლება და ჩაახშოს ნებისმიერი სახის ოპოზიცია. ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მაუწყებლებს და მომიტინგეებს, რომლებიც რეპრესიების ამ ახალი ტალღის სამიზნეები არიან. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაუწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძეს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ფართო საერთაშორისო დამკვირვებლების თანხლებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხის ნებას“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
