დასკვნის საბოლოო ვერსია გაეგზავნა საქართველოს მთავრობას კომენტარისთვის, მაგრამ არ გამოგვეხმაურნენ – ვენეციის კომისიის წევრი

კომისიის დასკვნის საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა ამერიკიდან, დევიდ ქეიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
დევიდ ქეის განმარტებით, დასკვნის საბოლოო ვერსიის მომზადებამდე ვენეციის კომისიის სამდივნომ მოაწყო საუბრების სერია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
„ვენეციის კომისიაში 60-ზე მეტი ქვეყანა და მათი წარმომადგენელი შედის. ყოველ მათგანს თავისი ქვეყანა ნიშნავს და შემდეგ ისინი ასეთი ტიპის განხილვებსა და რეკომენდაციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ძალიან მგრძნობიარენი ვართ ქვეყნების საჭიროებებისადმი, რომ მათ ჰქონდეთ მიზეზები კონკრეტული კანონის მისაღებად და რომ არსებობდეს დიალოგი ამ მიმართულებით.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ დასკვნას [საქართველოსთან მიმართებაში]- ვენეციის კომისიას აქვს სამდივნო, რომელიც ორგანიზებას უწევს მოლაპარაკებებს. მან მოაწყო საუბრების სერია [საქართველოს] მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მტკიცე საუბრები საქართველოში შესაბამის აქტორებთან.
როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მათმა საჯარო განცხადებებმაც ამაზე მიუთითა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას რომ ჰქონოდა კომენტარები, რომლებიც სპეციფიკური იქნებოდა და რომელთა გათვალისწინებაც ვენეციის კომისიას შეეძლებოდა, ასეც ვიზამდით. მაგრამ, მათ არანაირი კომენტარი არ გამოუგზავნიათ”, – განაცხადა დევიდ ქეიმ.
დევიდ ქეის თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, როდესაც მთავრობამ დასკვნის შეფასებაზე უარი თქვა.
„პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს მას დაეთანხმოს კომისიაში. ეს უფრო სწრაფი პროცესია, ვიდრე სხვა ტიპის დასკვნების გამოქვეყნებისას. როდესაც პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა ვენეციის კომისიაში, ის გადაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას და მათ დაუსვეს კითხვა – სურდათ თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება?
ეს არ არის ძალიან დიდი დასკვნა, ამიტომ მასზე პასუხს დიდი დრო არ უნდა დასჭირვებოდა. ჩემი ინფორმაციით, ისინი [“ქართული ოცნება”] არ გამოგვეხმაურნენ, ან გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ კომენტარები. მათ ერთი სრული დღე ჰქონდათ საპასუხოდ, მაგრამ არჩიეს, ასე არ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობას ჰქონდა შანსი რომ ეპასუხა და ამაზე უარი თქვა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა“, – განაცხადა დევით ქეიმ.
ამასთან, კომისიის წევრის განმარტებით, შეუძლებელი იყო კომისიას უბრალოდ კანონრპოექტის „გადაკეთების“ რეკომენდაცია გაეცა, რადგან „ყველა დებულებას თავისი ღრმა, მძიმე პრობლემა გააჩნია“.
„მხოლოდ ერთი დებულება რომ იყოს პრობლემური, კომისია უბრალოდ იტყოდა, რომ დებულებები უნდა შეიცვალოს. მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველა დებულებას თავისი ღრმა, მძიმე პრობლემა გააჩნია – ამიტომ შეუძლებელი იყო, უბრალოდ გვეთქვა, რომ ოდნავ გადაეკეთებინათ კანონი“, – განაცხადა დევიდ ქეიმ.

ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ