სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივანიშვილის პარლამენტს 2025 წლის ანგარიში წარუდგინა.
დოკუმენტში ვრცლად არის განხილული საქართველოში “წარმოებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული” კამპანიის განხილვას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ
“დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა.
საანგარიშო პერიოდში, ცალკეულ შემთხვევებში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე პროპაგანდისტული ნარატივების უკან, ერთი შეხედვით, პოლიტიკური მდგენელი იკვეთებოდა, თუმცა მეორე მხრივ, მსგავსი საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ახალისებდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს, იწვევდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას.
აქვე საყურადღებოა, რომ ბოლო წლების ტენდენციებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს, ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაეჩინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ”. – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან ერთად, სუს წერს, რომ “გამოიკვეთა ორგანიზაციები და მათი ლიდერები, ასევე, ცალკეული პირები, რომლებსაც ახლო კავშირები გააჩნიათ უცხოეთში მაღალი თანამდებობის პირებთან და სპეციალურ სამსახურებთან”. უწყების მტკიცებით, ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში “ხორციელდებოდა საქართველოს რეგიონებში შუღლისა და ნაციონალისტური განწყობების გაღვივება”.
“აქვე საყურადღებოა, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს ეზრდებათ მასშტაბური დეზინფორმაციული და მანიპულაციური საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების შესაძლებლობები. ეს ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების, ასევე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების პროვოცირებისთვის.
შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ზემოაღნიშნული მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებისთვის საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და საუკეთესო გამოცდილების შესწავლას”. – წერია დოკუმენტში.