გავლენიანი გამოცემა Financial Times წერს, რომ ბოლო პერიოდში დასავლური ბიზნესები მზარდ ინტერესს იჩენენ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობის მიმართ. გამოცემის ცნობით, დასავლური მრავალი კომპანია კონსულტაციებისთვის იურიდიულ ფირმებს მიმართავენ, რათა გაიგონ, როგორ შეიძლება საქმიანობის აღდგენა რუსეთში. კომპანიები სანქციების შესაძლო შემსუბუქების პირობებში რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან.
პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ ნედლეული საქონლით მოვაჭრეები, სადაზღვევო კომპანიები და საზღვაო გადაზიდვების სფეროში მოქმედი ჯგუფები. ყველა მათგანი ელის, რომ აშშ-მა შესაძლოა უახლოეს მომავალში შეარბილოს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, რაც კომპანიებს გარკვეულ შესაძლებლობებს გაუჩენს. თუმცა ვითარება კვლავ რთული და გაურკვეველია: იურიდიული კონსულტანტების თქმით, კომპანიებს ახლა აშკარად ესმით, რომ მაშინაც კი, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს შეამცირებს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის შეზღუდვები, სავარაუდოდ, ძალაში დარჩება. კომპანიები ცდილობენ ისეთი გამოსავალი მოძებნონ, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, არ დაარღვიონ ევროპული რეგულაციები და ამავდროულად განაახლონ საქმიანობა რუს პარტნიორებთან.
HFW-ის პარტნიორი და სანქციების სპეციალისტი დენიელ მარტინი აცხადებს, რომ ისტორიულად დასავლური კომპანიები აშშ-ის სანქციებს ემორჩილებოდნენ, რადგან ისინი თითქმის ყოველთვის ყველაზე მკაცრი იყო. Reed Smith-ის იურიდიული ფირმის პარტნიორი ლი ჰანსონი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან შესაძლო შემსუბუქებას სავარაუდოდ უფრო აქტიურად გამოიყენებენ აზიური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კომპანიები, რომლებიც რუსეთში უკვე მოქმედებენ და ნაკლებად არიან დამოკიდებული დასავლურ რეგულაციებზე.
