ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იმ ფონზე, როცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების აღიარება ჯერჯერობით საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან არ მომხდარა, ბიზნესის ნაწილი უკვე საუბრობს საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე.
მათი თქმით, ინვესტორებმა არა მარტო ახალი პროექტების გააჩერეს არამედ მიმდინარე პროექტებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„კომერსტანტის დილასთან“ ინტერვიუში კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა ბიზნესგარემო შეაფასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც ლარის კურსის მერყეობა ქმნის.
„ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ნებისმიერი რყევა იქნება ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე მასზე უარყოფითად აისახება. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენებიც ცუდ ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე. თანაც, ბოლო წლებში ჩვენს რეგიონში საომარი მდგომარეობაა და ესეც ზღუდავს ბიზნესის განვითარებას.
წლების მანძილზე საქართველო ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ევროკავშირში თავისი პროდუქცია გაიტანოს და ჩვენ ეს მოცემულობა უნდა დავიცვათ.
ლარის კურსი ფასთაწარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მასალების შესყიდვაზე ვართ დამოკიდებული, მერყევი ლარის კურსის შემთხვევაში ძალიან რთულია, სტაბილური ფასები შევინარჩუნოთ. ყველა ბიზნესი ერთმანეთზე ჯაჭვურადაა დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, არასტაბილური გარემო ფასების ზრდას იწვევს. ჩვენ უამრავი ევროპელი პარტნიორი გვყავს, რომლებიც ყოველთვის აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამ ეტაპზე ახალი პროექტების წამოწყებას ერიდებიან, ინვესტორები ძალიან ფრთხილობენ. ვფიქრობ, ეს უფრო ემჩნევა ისეთ პროექტებს, რომელთაგანაც უფრო დიდი ფინანსური რესურსი შემოდის, მაგალითად, სამშენებლო სექტორს ან საგრანტო პროგრამებს. ისინი უფრო შეიკავებენ თავს ინვესტიციის ჩადებისგან ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის სტაბილური გარემო“,- აღნიშნა ირმა დაუშვილმა.