აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის მოწესრიგების შესაძლებლობაში ეჭვის შეტანას იწყებს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური CBS News-ის ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გაურკვევლობა წარმოიშვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვლის შეხვედრის დროს წარმოქმნილი უთანხმოების შემდეგ.
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკების წარუმატებლობამ ასევე დააყენა კითხვის ქვეშ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიისა და დახმარების აღმოჩენა. ანონიმურ წყაროთა თანახმად, ამასთან, ტრამპი არ ესწრაფვის კიევში ხელისუფლების შეცვლას, თეთრ სახლში არ განიხილავენ ზელენსკის შესაძლო მემკვიდრის საკითხს.
გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი”, თავის მხრივ, ასევე წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისათვის მთელი მიმდინარე სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას ზელენსკის “უკომპრომისობის” გამო.
Washington Post-ის წყარომ არ დაადასტურა ვარაუდი, თითქოს წინასწარგანზრახული იყო სიტყვიერი დაპირისპირება, რაც 28 თებერვალს ტრამპსა და ზელენსკის შორის მოხდა. გაზეთის თანამოსაუბრის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინ ვაშინგტონში შექმნეს “პოზიტიური ფონი”, ხოლო ტრამპმა უკან წაიღო თავისი ნათქვამი ზელენსკის მისამართით, რომ ის “დიქტატორია”.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times-იც ვარაუდობს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მთლიანად შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა. გაზეთი განმარტავს, რომ ასევე შეიძლება შეჩერდეს კიევის არაპირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს სამხედრო დაფინანსებას, სადაზვერვო ცნობების გაზიარებასა და უკრაინელი სამხედროების მომზადებას.
ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკება თეთრი სახლის ოვალურ ოფისში 28 თებერვალს მოხდა. ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.
შელაპარაკების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა, ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა.
უკრაინის მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება ორივე მხარისთვის იყო ცუდი. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის შეუძლია თეთრ სახლში დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის.