„დარჩით ევროკავშირის გზაზე” – ელჩი ჰერჩინსკი საქართველოს მიმართავს

9 მაისი ევროპის დღეა. მას საქართველო პირველად აღნიშნავს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საქართველომ ეს სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა მ:
„ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა. მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული”.

ელჩი ჰერჩინსკი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწოდებს „მართლაც ისტორიულ მოვლენას ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე”:

„საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს”

2024 წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ და დაწყება თუ არა მოლაპარაკების პროცესი. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს: „ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!”

ელჩის სიტყვებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გახდეს ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი: „დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ”.
ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს შემდგომ სვლას საფრთხე შეუქმნა მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის აპრილში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა „აგენტების კანონი” (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ), რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.
„ქართული ოცნება” ორი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.
საქართველოში აპრილიდან გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები კანონის წინააღმდეგ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები რუსულს უწოდებენ.
ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ამ კანონის მიღება შეაფერხებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლას.
„ქართულმა ოცნებამ” საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელ ვარიანტს შარშანდლისგან ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის