რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციების მიმდინარეობისას ღამით, სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულების, დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის სასამართლო განხილვა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამო ერთი თვით გადაიდო.
სხდომაზე დაკავებულების ადვოკატებმა ომარ ფურცელაძემ და გელა ნიკოლეიშვილმა თქვეს, რომ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. მათი პირობაა, რომ დაკავებულები პირობითით გაათავისუფლონ და ზარალის ანაზღაურება დაავალონ, რაც 12 100 ლარია.
პროკურორმა თამარ იაკობიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს პროკურატურაში ინფორმირებულები არიან და მხარეებს შორის მოლაპარაკებებისა და საბოლოო პასუხისთვის ერთი თვე ითხოვა.
“გამამტყუნებელი განაჩენისთვის ამ საქმეში მტკიცებულებათა ერთობლიობა არსებობს. მხარეს სურს საპროცესოზე საუბარი. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის პროკურორი და ზემდგომი პროკურორი”, – თქვა თამარ იაკობაშვილმა.
ორივე დაკავებული ბრალს აღიარებს და ბრალდების მხარის მოპოვებულ მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდიან. საქმის განმხილველმა მოსამართლემ ლილი მსხილაძემ მათ განუმარტა, რომ მინიმუმ სამწლიანი პატიმრობა ემუქრებათ
26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პროკურატურა ორივეს აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი 2023 წლის ივნისში გამკაცრდა და პატიმრობის წლების რაოდენობა გაიზარდა. იურისტები შიშობდნენ, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.
საქართველოში 75 დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ასობით ადამიანი დააკავეს.
ამასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, მედიისთვის ცნობილია სისხლის სამართლის წესით დაკავებული, სულ მცირე, 45 დემონსტრანტის შესახებ.
მათგან 43 მას შემდეგ დააკავეს, რაც „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, უწყვეტი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
ბოლოს დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი, 11-12 იანვრის მიჯნაზე დააკავეს. დაპატიმრების შემდეგ მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის ამჟამად “კლინიკა ვივამედში” იმყოფება, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
