ბახმაროში ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებდნენ, კურორტს ახალი ურნები ესაჭიროებოდა, რომლის ყიდვის რესურსი ადგილობრივ მთავრობას არ გააჩნდა.
„ბახმაროს განვითარების ფონდის“ დირექტორი და „პანორამა ბახმაროს“ დამფუძნებელი გიორგი კეჭაყმაძე გასულ თვეებში ნარჩენების სეპარირების კომპანიებს დახმარებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ კერძო ბიზნესი მათთან თანამშრომლობისთვის მზად იყო.
როგორც კეჭაყმაძე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათ თხოვნაზე მყისიერი რეაგირება ჰქონდა ააიპ “ჯორჯია პალასს” რომელიც რეგიონს უახლოეს პერიოდში 150 ურნას გაუგზავნის.
„პირველ რიგში, ადამიანის და ბუნების ურთიერთობა უნდა იყოს ბალანსში. ნარჩენი, რომელიც გვაქვს, იქნება ეს “კოკა-კოლის” ქილა, ხაჭაპურის დასადგამი თუ სხვა პლასტიკი, ბუნებაში არ უნდა იყოს. ნარჩენი უნდა გადავამუშაოთ. ბატონმა თემურ ჭყონიამ დაგვირეკა, ვესაუბრე გივი კალანდაძეს, პროფესიონალ კაცს და შევთანხმდით ერთ დღეში მარტივ რაღაცაზე – ისინი გვეხმარებიან, გვიგზავნიან 150 ცალ სპეციალურად გაკეთებულ თუნუქის ურნას. ისიც მეორადი გამოყენების, აქვს მთელი ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ რა უნდა ჩააგდო, სად წავა მერე ეს ნარჩენი და ა.შ. დაასკანერებ და გაიგებ, ეს სად მიდის. ქაღალდი, პლასტიკი და თუნუქი მუშავდება და ნაგავსაყრელზე არ მიდის.
მე ავიღე პასუხისმგებლობა რომ ჩემთან სახლში განვათავსებ, პარკში, სასტუმრო „კონტინეტ ბახმაროში,“ „პიონერებთან,“ ძველ ბახმაროში, აჭარის ქუჩაზე, კოტეჯებთან – სადაც შეგვეძლება რომ განვათავსოთ, ყველგან განვათავსებთ ისე, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, რათა სუფთად ავიღოთ ნარჩენი. ამის შემდეგ ეს დაიპრესება, ჩაჰბარდება და იმით კიდევ ახალს მოვიტანთ”, – განაცხადა კეჭაყმაძემ.
მისივე თქმით, “ბახმაროს განვითარების ფონდი” ემსახურება ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სოციუმის გაერთიანებას და საერთო ინტერესის გატარებას, – “თუ ერთად მოვინდომებთ, ნაგავსაც მოვსპობთ ბახმაროში, წყალსაც გავაკეთებთ, გზებსაც და ტროტუარებსაც. რა ლამაზი იქნება, რომ ქუჩაში ყველგან იყოს წყალი, ყველგან იყოს ეს ნაგვის გადამუშავება, სახანძრო და კანალიზაციის სისტემა.
ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში ყველა კარგი ხალხია, მაგრამ საქმეს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ არ აქვთ ბიუჯეტი. ბახმაროს უნდა ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი, ის უნდა იყოს სუბიექტი, რომელიც თავისით იკვებება. ჩვენ აქ კომპანიებს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ვუხადოთ ბახმაროს ფული.“ – განაცხადა კეჭაყმაძემ.
