დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე, ეს არის ჩვენი სასამართლო, ქართული სასამართლო, არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დამთავრდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე ის დრო არ დადგება, რომ სასამართლო მართონ გარედან უცხო ქვეყნებმა, ეგეც დაუშვებელია. მითუმეტეს აქ ზოგიერთი აგენტების ხელით, არ მოვერიდები ამის თქმას. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტები არიან, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესსა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. გადახედეთ რეიტინგებს. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მოწინავე მთელს ევროპაში, ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. მათ შორის, პირველ ადგილზე ვართ კანონის უზენაესობის მიხედვით. ასე რომ, ეს კამპანია, რაც არის „ვეტინგთან“ დაკავშირებული, არის შეურაცხმყოფელი კამპანია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არ დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ შეამოწმოს ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ. კეთილსინდისიერება. ჯერ მათი კეთილსინდისიერება კარგად გამოვიკვლიოთ, კარგად გავარკვიოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ საერთოდ ვიღაცის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ