დალუქულია 2,5 ტონა პლასტიკის პარკი – პარკების მწარმოებლების შემოწმება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო.
დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ინსპექტირება განხორციელდა თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებში.
უწყების ინფორმაციით, დალუქულია დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული დაახლოებით 2,5 ტონა პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი გადაგზავნილია ლაბორატორიაში.
“თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.
პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამო პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება”,- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე განმარტავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული სანქციები ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით და შეუსაბამო პარკის კონფისკაციას, ხოლო თუ კონფისკაცია შეუძლებელი იქნება, პარკების რაოდენობა 25 თეთრზე გადამრავლდება და ჯარიმა საკმაოდ მკაცრია. მისივე თქმით, ინსპექტირებები გაგრძელდება.
“აღებული იქნა პარკის ნიმუშები, რომელიც კვლევის მიზნით გადაეგზავნება სახელმწიფო ლაბორატორიას. ამ კვლევის ფარგლებში მოხდება დეგრადაციის ხარისხის დადგენა და ასევე, გამოვიკვლევთ ამ პარკებში მძიმე მეტალების შემცველობას”,- ამბობს ნელი კორკოტაძე.