„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ [ALDE] აპროტესტებს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ “შემზარავ მოპყრობას“. ევროპული პოლიტიკური გაერთიანება მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
“ეს არის უკანონო დაპატიმრებულთა მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მოპყრობის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი შემთხვევა. ჩვენი წევრები განაგრძობენ დემოკრატიისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდში ვართ“, – ALDE-ს განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე ქვეყნდება.
განცხადებას X-ზე აქვეყნებს ჯო უილსონიც – აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “მეგობარი აქტის” ინიციატორი.
უილსონი წერს, რომ ქართული ოპოზიციის მნიშვნელოვანი ლიდერი “უსამართლოდ დააკავა ივანიშვილის მხდალად ანტიამერიკულმა რეჟიმმა”.
“ის [ელენე ხოშტარია] და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინსვლისთვის,” – წერს კონგრესმენი უილსონი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ იზოლატორიდან გამოგზავნილი წერილი 29 მარტს გავრცელდა. წერს, რომ პოლიციელებმა დაზიანება მიაყენეს და იზოლატორში სრულად გააშიშვლეს. ასახელებს კონკრეტულ გვარებსაც.
შსს განმარტავს, რომ ელენე ხოშტარიას მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები, ხოლო “პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად”.
შსს-მ განაცხადა ასევე, რომ “დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა”.
“კოალიცია ცვლილებისთვის“ თანადამფუძნებელმა და ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია წამების მსხვერპლია.
გვარამიას მონათხრობით, სრულად გაშიშვლებული ელენე ხოშტარია დააწვინეს “ჩვეულებრივ საწოლზე” და “მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში”; ასევე – მეტალოდეტექტორის გამოყენება დაიწყეს მას შემდეგ მალევე, რაც პოლიტიკოსი ცუდად გახდა, ღებინება დაეწყო და საპირფარეშოში გაშვების ნაცვლად პოლიეთილენის პარკი მიუტანეს.
რაც შეეხება შსს-ს მიერ ნახსენებ „კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას” – ნიკა გვარამია ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში შერყეულია და მას ბევრი მედიკამენტის თან ტარება უწევს.
“ამბავი [შსს-ს მიერ] მოგონილია იმისთვის, რომ გაამართლონ გაშიშვლება, ვითომ ნარკოტიკი გვეგონა, ვეძებდით და ა.შ… რაც შეეხება წამალს – ელენეს ჯანმრთელობა ბოლო წლებში არაა სრულყოფილი, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან და ეს წამლებიც არ მისცეს”, – განაცხადა გვარამიამ.
ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ფორუმი
