დაკავებულია უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

უკრაინაში დააკავეს პარლამენტის, ვერხოვნა რადას ყოფილი სპიკერის, ანდრი პარუბიის მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ამის შესახებ შუაღამით, სოციალურ ქსელებში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა მ.
მისი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ მოახსენეს შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა, რომლებსაც საზოგადოების ინფორმირება დაავალა. ზელენსკის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მკვლელობის ყველა გარემოება უნდა გაირკვეს.
1 სექტემბერს, ღამის პირველი საათისთვის უკრაინის პრეზიდენტის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი პოსტი, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი ესაუბრა გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს და მისგან მიიღო ინფორმაცია შემდგომი პროცესუალური ნაბიჯების შესახებ. ზელენსკის ცნობით, არსებობს ეჭვმიტანილის პირველი ჩვენებები.
შუაღამის შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხმელნიცკის ოლქში დააკავეს. მინისტრის თანახმად, კარგად დაგეგმილი დანაშაულის ჩამდენის კვალზე 24 საათში გავიდნენ, 36 საათში კი დააკავეს. კლიმენკოს ინფორმაციით, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, პარტია „ევროპული სოლიდარობის” ერთ-ერთი ლიდერი ანდრი პარუბიი 30 აგვისტოს, ქალაქ ლვოვში მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა პირმა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. პარტია „ევროპული სოლიდარობის” თავმჯდომარე, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ანდრი პარუბიის მკვლელობასთან კავშირი აქვს რუსეთს.
პარუბიის 2 სექტემბერს, ლვოვში დაკრძალავენ.
ანდრი პარუბიი უკრაინის პარლამენტის სპიკერი იყო 2016-2019 წლებში.
ფორუმი