დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, “ჯვარსკის” დედა – სპეცოპერაციით ჯამში 45 პირი აიყვანეს (ვიდეო)

ბოლო 24 საათში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრალი კიდევ 15 პირს, მათ შორის 3 „კანონიერ ქურდს“ წარედგინება.

-ს ცნობით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკის” დედაც და ძმაც. გამოძიების ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.

მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“ .

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.