დაკავების შემდეგ მაიძულებდნენ მეთქვა, რომ აშშ-ის საელჩო მაძლევდა დირექტივებს – ჩიკვაიძე

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ აიძულებდნენ ტყუილი ეთქვა, თითქოს ამერიკის საელჩოსგან იღებდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებასა და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.
გიორგი ჩიკვაიძის განცხადება მისი Facebok-ის გვერდზე ვრცელდება.
გიორგი ჩიკვაიძის თქმით, მზადაა ითანამშრომლოს ამერიკის საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ამხილოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვისი ინიციატივაც იყო, რომ საელჩოს წინააღმდეგ ტყუილი გაევრცელებინა.
„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ -ის საელჩო პირველივე დღიდან უწევს მონიტორინგს ჩვენ წინააღმდეგ შეკერილ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს. რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ჩვენ წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში, მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს.
დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენლების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი.
გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია“, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.
გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს. 10 აპრილს გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 7 დღით შეწყვიტა, რათა პენიტენციურ სამსახურს საბაბი არ ჰქონდეს, 17 აპრილს დაგეგმილ სასამართლოს სხდომას არ დაასწრონ.