ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი შეეხება საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ, თამაზ გინტურსა და გატაცებულ ლევან დოთიაშვილს. რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეგისტრაცია 552-მა ევროპარლამენტარმა გაიარა და რეზოლუციას მხარი 495-მა მათგანმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
დოკუმენტი 5-პუნქტიანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შექმნას “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ევროპული ანალოგი და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა:
· “ევროპის სახალხო პარტია”;
· “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:”;
· “რეფორმების ჯგუფი”;
· “ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები”;
· “ევროპელი მწვანეები – ევროპის თავისუფალი ალიანსი”.
საერთო ტექსტის შემუშავებამდე, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე თამაზ გინტურის შესახებ 5 სხვადასხვა რეზოლუცია იყო ატვირთული.
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 2018 წელსაც მიიღო. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებთ მომზადდა. დოკუმენტი 20 პუნქტს მოიცავს. ცალკე თავი ეთმობა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებსა და სანქციების დაწესების საკითხს.
კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, 22 ნოემბერს ამ საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის ტექსტი სასესიო სხდომაზე გაახმოვანეს და სიტყვიერად მოუწოდეს ევროპულ საბჭოს, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი.
ევროპარლამენტარების ნაწილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა და ამით სანქციების დაწესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე გაისმა თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის სახელები.
თამაზ გინტურის მკვლელობა
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.
კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტისა და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ “ცხელი ხაზის” მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.
