დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოსა და გლდანის ნაწილს, ასევე, მცხეთას წყლით ამარაგებს – GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ინფორმაციით, სოფელ წიწამურთან ავარიულად დაზიანდა ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი. სწორედ ეს წყალსადენი ამარაგებს სასმელი წყლით მცხეთას და თბილისის ორი რაიონის – ვაკე-საბურთალოსა და გლდანის ნაწილს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
ჯივიპის საოპერაციო ცენტრები პარალელურად მუშაობენ ავარიის აღმოფხვრის ალტერნატიულ გეგმებზე, რათა დაზიანების სირთულის გათვალისწინებით, წყალმომარაგების აღდგენა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს”, – აცხადებენ კომპანიაში.