ლიეტუვის პოლიციამ განგაში ატეხს „თაღლითობის ეპიდემიის“ გამო, რომლის მსხვერპლნი, დახვეწილი კრიმინალური სქემების შედეგად, სახლებს და მთელ დანაზოგს კარგავენ.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ თაღლითები ახლა იმდენად კარგად არიან ორგანიზებულნი, რომ ისინი ოფიციალურ ტრენინგს საზღვარგარეთ სპეციალურ „საგანმანათლებლო ცენტრებში“ გადიან.
თაღლითები მსხვერპლამდე სატელეფონო ზარების, ელფოსტის, სმს-შეტყობინებების და ინტერნეტის დათვალიერებისას ამომხტარი რეკლამის საშუალებითაც კი აღწევენ“, – ამბობს საზოგადოებრივი სერვისების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რომა კრიჟევიჩიენე.
დამნაშავეთა ხაფანგში, განსაკუთრებით ხშირად, მოხუცები ებმებიან. ბევრი მათგანი, ვინც ეს საფრთხე საკუთარ თავზე უკვე იწვნია, პირად გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს.
„ერთ-ერთმა აბონენტმა მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი პოლიციის განყოფილებაში, კერძოდ, მის ერთ-ერთ ოფისში და ინტერნეტ ბანკში ჩემი მონაცემები შემეცვლა. დავრეკე განყოფილებაში, სადაც დამიდასტურეს, რომ ასეთი ოფისი ნამდვილად არსებობს, მაგრამ მითხრეს, რომ მათგან ასეთ ზარები არასდროს ხორციელდება“, – ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.
მეორე ქალმა თაღლითის ემოციური ვედრება გაიხსენა: „მითხრეს, რომ ჩემი შვილიშვილი სერიოზულ ავარიაში მოყვა და ოპერაციისთვის 2000 ევრო სჭირდებოდა“.
ქალებმა აღნიშნეს, რომ საფრთხე თავიდან აიცილეს ისეთი საეჭვო ნიშნების შემჩნევით, როგორიცაა რუსულენოვანი აბონენტები, ზარის განხორციელების უჩვეულო დრო, აგრეთვე ბუნდოვანი ან არაზუსტი დეტალები.
პოლიციის თქმით, თაღლითობის შესახებ შეტყობინებები ჩნდება ყოველდღიურ კრიმინალურ კრებსში, ზოგჯერ დღეში რამდენიმეც კი. ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლებს არწმუნებენ, თავიანთი ბინები გაყიდონ ან მთელი დანაზოგი მათ მიერ მითითებულ ანგარიშებზე გადარიცხონ. როდესაც დაზარალებულები გააცნობიერებენ, რომ მოტყუებულები არიან, ხშირად უკვე ძალიან დაგვიანებულია.
„ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული. ეს არის სტრუქტურირებული ბიზნესი. ზარები ციხის საკნებიდან კი არა, არამედ კეთილმოწყობილი ოფისებიდან ხორციელდება. დამნაშავეები სპეცაილურ სწავლებას გადიან. მხოლოდ ერთმა მსხვერპლმა გასული წლის შემოდგომაზე ნახევარი მილიონი ევრო დაკარგა“, – აღნიშნა კლაიპედის მაზრის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, რამუნას სარაპასმა.
საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების შემთხვევებში, გამოძიება ხშირად რთულდება. მრავალ საბანკო ანგარიშზე თანხები, როგორც წესი, სწრაფად ირიცხება და საზღვრებს კვეთს, რაც მათ უკან დაბრუნებას უკიდურესად ართულებს. პოლიციის თქმით, ასეთი დანაშაულების მხოლოდ მესამედი იხსნება.
„თუ მესამე ქვეყნები ერთვებიან, ეს ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. იურიდიულ დახმარებას ზოგჯერ წლების განმავლობაში ველოდებით“, – ამბობს სარაპასი.
პოლიცია ხაზს უსვამს, რომ უცხო ენაზე ნებისმიერი კომუნიკაცია საგანგაშო ნიშანია, რადგან ლიეტუვაში ოფიციალური ინსტიტუტები საქმიანობას მხოლოდ ლიეტუვურ ენაზე ახორციელებენ. ამასთან, ბანკები არასოდეს ითხოვენ სისტემაში შესვლისთვის საჭირო მონაცემებს, არასოდეს აგზავნიან კურიერებს ნაღდი ფულის ასაღებად და არასოდეს ითხოვენ სადებეტო ან საკრედიტო ბარათების შემოწმებას.
„ერთ შემთხვევაში, მსხვერპლმა მიიღო შეტყობინება, რომ შეკვეთის მიწოდება ანგარიშზე არასაკმარისი თანხების გამო ვერ შესრულდა. მას 2 ევროს გადახდა სთხოვეს, სანაცვლოდ კი ანგარიშიდან 700 ევრო გაქრა“, – აღნიშნა კრიჟევიჩიენემ.
ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, დაუყოვნებლივ გათიშონ ზარი, თუ ის საეჭვოდ მოეჩვენებათ და ინფორმაცია ოჯახის სანდო წევრებთან ან ნომერ 112-ზე დარეკვით გადაამოწმონ.
1tv.ge
