“დავტოვე “რადიო თავისუფლება” – ვერ შევეგუე მენეჯმენტის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო წამყვანი ჟურნალისტების გათავისუფლებას” – კობა ლიკლიკაძე
დღეს დავტოვე რადიო თავისუფლება (RFE/RL), სადაც ზუსტად 24 წელი დავყავი: 9 წელი თბილისის ბიუროში, 14 წელი პრაღის სათაო ოფისში და ბოლო 4 თვე უკან თბილისის რეგიონულ ოფისში.
რადიო თავისუფლების მიკროფონით ვიყავი ავღანეთსა და ერაყში, ვაშუქებდი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. ვაშუქებდი კოდორისა და პანკისის მოვლენებს. ვცდილობდი ვყოფილიყავი ყველგან, სადაც დრო ხმაურობდა. მაგრამ წასვლა სწორედ ასე წარმომედგინა-ჩემი ნებით, წყნარად, ზედმეტი ცერემონიების გარეშე, მით უფრო, რომ დღევანდელი ეგზისტენციური საფრთხის პირობებში რადიოში არავის სცალია საზეიმო გაცილებებისთვის… წარმატება ყველას, ვინც რჩება! ყველა ჩემ ძვირფას კოლეგას თბილისსა თუ პრაღაში, სადაც მე ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე და სადაც, როგოც პოეტი იტყვის, ბევრგან “დავტოვე ჩემეული თითო ნიღაბი” -ამ შემთხვევაში ესაა ათასზე მეტი რადიორეპორტაჟი, ინტერვიუ, ანალიტიკური წერილი თუ ბლოგი, -საკვირაო რადიოგადემები “ჯარისკაცი და სახელმწიფო” და “დაბრკოლების ზოლი “, -ტელეგადაცემა “პერსპექტივა” ოქროპირ რუხაძესთან თანაავტორობით. ისინი არსად დაკარგულან, რადიოს არქივი ცოცხალია და ინახავს კადრებს, სტატიებს, ფოტოებს, უნიკალურ ხმებს.. მათ შორის პირდაპირ ეთერში, ახალი ამბების შესავლის კითხვის დროს, 2016 წელს წამოცდენილ ჩემ კურიოზს, თუ როგორ დართო რომის პაპმა მრევლს, გარკვეულ შემთხვევებში, რეზერვისტების ხმარების უფლება. “მაპატიეთ, პრეზერვატივების ხმარების უფლება”, – გავასწორე შეცდომა. დიახ რადიოში მუშაობის ამ 24 წლის განმავლობაში სასიხარულოც ბევრი იყო და გულსატკენიც. რასაც ბოლომდე ვერ შევეგუე და რაც ჩემს გამოსათხოვარ წერილშიც აღვნიშნე, ესაა უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება შტატების შემცირების, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის ან “რეორგანიზაციის” სარჩულით…რასაც ჟურნალისტებმა ანგარიშსწორების (retribution) აქტი უწოდეს. დაახლოებით ისე, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ეპყრობა დღეს მთელ რადიო თავისუფლებას, რომელსაც რეალურად ემუქრება ეთერიდან გათიშვა.
