„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს აღადგენს და პარალელურად მოლაპარაკებას რუსეთთანაც დაიწყებს, თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან მარტო არ დაჯდება.
ამის შესახებ მან 14 თებერვალს „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„აზერბაიჯანს რეგიონში მოკავშირე თურქეთი ჰყავს. ვინ არის ჩვენი რეგიონული მოკავშირე? როცა ახალი არჩევნები იქნება, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რუსეთმა არ დაგვჩაგროს, რისი ჩანაფიქრიც ჰქონდა პუტინს, როდესაც ტრამპს ელაპარაკა და უკრაინა არ გვინდა და ჩვენ დავლაგდეთო… მთელი ევროპაა აღშფოთებული, მაგრამ იმედია, ცოტა ხანში ძალიან ბევრი გაირკვევა. ვინ არის ჩვენი მოკავშირე, ვის ეუბნები, დამიდექი გვერდში, რუსეთს უნდა ველაპარაკო და შუამავლად დამიდექიო? იმიტომ რომ მეზობელია, ნორმალური ურთიერთობა მინდა, არ მინდა ომი, მაგრამ არ მინდა, გადამყლაპოს, არ მინდა, [ოკუპირებული] 20% გახდეს 80%.
[ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში] პირველი რიგში რასაც გავაკეთებთ, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, აღვადგენთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რომ სწრაფად მივიღოთ დაფინანსება და ფეხზე დავდგეთ. იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უსაფთხოება ეკონომიკურად მოქალაქის წელში გამართვაა, რომ ჰქონეს განცდა ამ ქვეყანაში შემოსავალი ყოფნის და დაგროვების საშუალებაც უჩნდება, რომ მერე ინვესტიცია ჩადოს პატარა ბიზნესში.
პარალელურად დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდასთან მარტო არ დავსხდებით. კი დიდი ერი ვართ, მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ… ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი [მინიმუმამდე] დაიყვნა – პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოების სისტემა არ გაგვაჩნია, გვაქვს უშიშროების საბჭოს მსგავსო ორგანო, სადაც საფრთხეებს განიხილავენ? ამ ქვეყნის რუსეთზე ჩაბარება უნდა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს საშუალება, რომ ბალანსი მიიღოს, მაგრამ არა იმ გზით, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, რაც მისი შეფასებით, რუსეთთან კაპიტულაციაა.
ხაზარაძის თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთმა დაინახოს საქართველო ხელწამოსაკრავი ერი არაა.
„სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ ათწლეულობით ნაშენები ურთიერთობა ევროპასთან, ინვესტიციების შემოტანა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩვენი ჯარის გაძლიერება, რომ [რუსეთმა] დაინახოს, ჩვენ ხელწამოსაკრავი ერი არ ვართ. დავიწყოთ ისეთი პროექტების კეთება, რომელიც რეგიონისთვის იქნება საინტერესო და არა ის, რომ ამერიკას გააგდებ და რუსეთს შემოიყვან.
ჩვენ გვაქვს საშუალება, ბალანსი მივიღოთ. ვერ გადავკეტავთ კავკასიონს და რუსეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, მაგრამ ასე კაპიტულანტურად, როგორც ეს [ბიძინა ივანიშვილი] აკეთებს დავალებით, გამორიცხულია. ეს არის კაპიტულაცია, ეს არის ქვეყნის რუსეთზე ჩაბარება. რუსეთში მეგობრებიც მყავს, ძალიან მაგრად ვიცნობ რუსულ კულტურასაც, მაგრამ არაფერ კავშირშია ის ერთმორწმუნეობა, რომლითაც უნდათ, რომ მოვიდნენ, ჩაგეხუტონ, დაგახრჩონ, მერე ხალხი დაგიხოცონ, გინტური მოგიკლან და მერე ზემოდან ცინიკურად გადმოგხედონ. ამას ვერ შევეგუებით, თუ გინდათ, ამას შევეგუოთ, ეს არის ბიძინას გზა და მე გეუბნებით, სხვა გზით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
