დავით ხიდაშელის რიყის დოქები „არქის“ ფინანსურმა მენეჯერმა იყიდა

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის საკუთრებაში არსებული ე.წ. რიყის დოქები „არქის“ ფინანსური მენეჯერის თორნიკე კოპალიანის კომპანიამ იყიდა.
უფრო კონკრეტულად, ბიზნეს რეესტრის მიხედვით, რიყის დოქების მესაკუთრე შპს „რიყე დომი“ გახდა, რომელიც შპს ნ.გ.ბ. ეკუთვნის, ხოლო კომპანიის დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილია. თავის მხრივ შპს ,,ნ.გ.ბ.” -ს მესაკუთრე თორნიკე კოპალიანია, რომელიც დეველოპერული კომპანია ,,არქის” ფინანსური მენეჯერია.
ცნობისთვის, ე.წ. რიყის დოქები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეშვიდე მცდელობაზე, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად 2022 წელს გაყიდა. ქონება Global Victory Trust-მა შეიძინა, რომლის ერთ-ერთი აქციონერი დავით ხიდაშელის კომპანია იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა ვალდებულება, 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
რიყის დოქების გარდა, მიმდინარე წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს სახელმწიფომ კურორტი ლიბანი და ახტალა ჩამოერთვა. ხიდაშელმა რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს რაჭის ტყეების 49 წლიანი ლიცენზიაც „დაუბრუნა“.