დავით ხაჯიშვილი – იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა

დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა და ამის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინონ ოჯახები, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
დავით ხაჯიშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა არ დააცადა ის სიხარული, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა და ცოტახნით გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა. ის მოკლე პერიოდი, როდესაც ქართველი ხალხი ერთად ზეიმობდა სიხარულს – ვერ აიტანა ამ ადამიანმა“.
„დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა და ამის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინონ ოჯახები, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა.
გასულ წელსაც ემოციური გამოსვლა მქონდა ამ „რუსული კანონის“ განხილვისას, მაშინაც გითხარით, რომ მოგიწევდათ „რუსული კანონის“ უკან გაწვევა, რადგან ჩვენი მოსახლეობა არ შეეგუება მის მიღებას. ჩვენს მოსახლეობას არ სურს „რუსული კანონი“! ეს კანონი არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზისკენ, ის არის დიდი ბარიერი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამას არამარტო ჩვენ, ქვეყნის შიგნით გეუბნებით, არამედ ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გეუბნებიან, რომ არ არის ეს არც ევროპული და არც ამერიკული კანონი, ეს არის „რუსული კანონი!“ რატომ? ამ კითხვას ივანიშვილის პარტია რიტორიკულად სვამს და მე თქვენ გეტყვით თუ რატომ არის ეს კანონი რუსული – თავისი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული.
ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც არ ეთანხმება ივანიშვილის პარტიას და უბრალოდ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ, მათგან განსხვავებული – ამ ადამიანებს, რომ დაუძახოთ აგენტები, ამისთვის არის ეს კანონი! და ამიტომ არის ეს „რუსული კანონი!“
მეორე, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული – ელემენტარული საზომია, რომ არც ერთ ჩვენს პარტნიორს არ მოსწონს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ევროკავშირის ქვეყნებს, არც ევროკავშირის კომისიას, საერთოდ არავის მოსწონს ეს კანონი და გეუბნებიან, რომ არ არის ეს ევროპული კანონი, არ მიიღოთ ეს კანონი.
და ამ დროს, მოსწონს მხოლოდ კრემლს, პუტინის რეჟიმს და გაქებთ! ამით მაინც ხომ უნდა მიხვდეთ, რომ არ არის ეს სწორი ნაბიჯი, მხოლოდ ამ საზომით უნდა მიხვდეთ, რომ არ არის ეს კანონი მისაღები!
და ბოლოს, მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს ივანიშვილის პარტიიდან, „ქართული ოცნებიდან“ – ბატონებო, თქვენ ისე უნდა მოიქცეთ, როგორც მოიქცნენ ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“, როდესაც შარშან შემოიტანეთ „რუსული კანონი“ და ისინი არ დაეთანხმნენ. ძალიან ღირსეულად მოიქცნენ და გავიდნენ პარლამენტიდან, დატოვეს როგორც თქვენი ფრაქცია, ისე პარლამენტი.
ასევე უნდა მოიქცეთ თქვენც, თუ არ გინდათ, რომ წუმპეში ჩაგითრიოთ ივანიშვილმა, პოლიტიკურ წუმპეში. დამიჯერეთ, ეს არ არის სწორი, რომ ჩაჰყვეთ ივანიშვილის ამ პოლიტიკურ წუმპეში“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.