დავით ჩხეიძე: იგივე არ გააკეთეს 1993 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ?! ბევრი ელოდება მის სიკვდილს, რომ ამოისუნთქოს და სწორედ ამიტომ არ კლავენ, არამედ მისი სახელით კლავენ ქვეყანას

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
კომისია არის მცდელობა ერთხელ უკვე ნაჭამი და მონელებული საკვები – ნარწყევი – ხელახლა გვაჭამონ და თვალებში შეგვაზილონ.
მკვახედ არის ნათქვამი? ახლა შევეცდები პოლიტიკურად გამოვთქვა.
ნებისმიერი ძალაუფლება რყვნის. რაც პოლიტიკურ მეცნიერებაში ისევე დადგენილია, როგორც ჰაერის გარეშე რომ ადამიანი ვერ გაძლებს ფიზიოლოგიაში.
რაც მეტია ძალაუფლება და რაც უფრო ხანგრძლივად, მით მეტად რყვნის.
ამიტომ არის , ამიტომ
იზღუდება ხელისუფლებაში ყოფნა დიდი ხნით, ამიტომ აბალანსებენ ხელისუფლების შტოები ერთმანეთს.
ღვედი ხომ ყველას გვიკეთია მანქანაში, იცით რამდენი სიცოცხლე გადარჩა ამის შედეგად?
ამის ავტორია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება, რადგან ჩვენი დაკვეთა იყო ასეთი.
ახლა აღარ მოგვწონს “ნულოვანი ტოლერანტობა” დანაშაულის, კორუფციის მიმართ, მაგრამ ჩვენი უდიდესი უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო ასეთი.
რადგან მასწავლებელი უცოდინარობას ჰყიდდა, კრიმინალი და ნარკომანია ახალ თაობებს ანადგურებდა.
სმა და წამლის გაკეთება კაცობა იყო, სპორტი და სწავლა სირცხვილი. არადა, როგორ მოგვწონს ხვიჩა?!
დასავლეთში ვიზებს არ გვაძლევდნენ რადგან კანონგარეშე საზოგადოება ვიყავით… ახლა უვიზოდ დავფრინავთ.
და კიდევ რამდენი შეიძლება დაწერო კარგი… იმ საზიზღრობის საპირწონედ, რაც ეთერებიდან მოედინება ამდენი დღეა…
მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” საქებრად არ ვწერ. რადგან მისი ავით და კარგით პარტია უკვე დიდი ხანია გადაირჩია საზოგადოებამ.
და პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა ნებაყოფლობით დათმო და გადასცა ძალაუფლება.
ვერავინ ვერ მომიყვება რა იყო ცუდი და რა იყო კარგი. რადგან ვიცხოვრე მაშინ; და ვერავინ მეტყვის რომ მიკერძოებულად ან ვადიდებ, ან ვაკნინებ.
ვწერ მხოლოდ ერთი მიზეზით, ქვეყანას აყოლებენ წინა ხელისუფლების ცალმხრივ დამახინჯებულ წარმოდგენას.
ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, რამდენიმე დღის წინ სასამართლოში ვიყავით. ბევრი პროცესი იმართებოდა ერთდროულად.
პატიმრების, პრეზიდენტ მ.სააკაშვილის, ბატონი მ.ხაზარაძის… და ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული პირების.
მსახიობ მეგობარს მოუახლოვდა უცნობი ქათინაურით აავსო, მაგრამ ბოლოს უთხრა, ნაცების გვერდით არ უნდა დამდგარიყავიო.
მეგობარმა ჰკითხა, რატომ ვდგავარ ნაცებთან, არავისთან ერთად არ ვდგავარ.
იქ მიშას პორტრეტებია და ხომ არ აგინებ?! ბიძინასი რომ იყოს, ხომ შეაგინებდიო?!
ამ არხში მიდიოდა მსჯელობა, რომ მივუბრუნდი და ვეკითხები:
– მიხეილ სააკაშვილს რატომ უნდა ვაგინო?
ოდნავ დაიბნა, გაჩერდა და მითხრა:
– იმიტომ!
– რატომ, იმიტომ?
ისევ დაყოვნდა (რადგან მისი გინება უკვე მოსულა, მიღებულია, შეთანხმება არსებობს):
– ქათამია და მაგიტომ!
– ქათამი რას ნიშნავს?
– როგორ თბილისელი კაცი ხარ და ქათამი რას ნიშნავს არ იცი?
– არა, ამიხსენი…
– აქ როგორ აგიხსნა, შევხვდეთ, ძმაო, ცალკე და აგიხსნი…
ასე დასრულდა ჩვენი გასაუბრება, რომელმაც ერთმანეთთან შეხების წერტილი ვერ გამონახა. უფრო სწორად განგებ არ გამოვანახვინე.
სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერს სხვას კომისია არ აკეთებს.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი პრეზიდენტიდან მოყოლებული გასამართლებულია.
მათ ან მოიხადეს, ან მისჯილი აქვთ და არ არიან ქვეყანაში.
რა მიზანს ემსახურება მაშინ კომისია განსხვავებულს, თუ არა იმას, რასაც გაგებული კაცი მიხსნიდა სასამართლოში?!
ჩვენ სხვადასხვა სიბრტყეში ვმსჯელობთ. დასავლური სამყარო და რეჟიმი, რომელიც აშავებს ქვეყანას ცალკეული ადამიანების გაშავების გზით.
მოცემულობად არის უკვე ქცეული, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ლანძღო, პრეზიდენტ მ.სააკაშვილს უნდა აგინო.
და ჩვენც ქვეშიდან გამოვედით და გამოვდივართ. რაც მეტად გამოვალთ, მით მეტად მოგვაწვებიან. ასე მუშაობს უსამართლობა.
მოგწონს – აირჩიე, არ მოგწონს – აღარ აირჩიო. ასე მუშაობს დემოკრატია. და ასე
უნდა იმუშაოს.
ზვიად გამსახურდიას დასაკნინებლად ჯერ ილია ჭავჭავაძეს იყენებდნენ, შემდეგ გარდაცვლილი მერაბ კოსტავა დაუპირისპირეს.
სანამ არ მოკლეს ზვიად გამსახურდია მისი ღირსება არაფერში დაინახეს, საახალწლო ღორებით ოქრო წაიღოო.
მერე ზვიად გამსახურდიას იყენებდნენ ქმედითი პრეზიდენტის – ს დასაჩრდილად.
ველოდებით, რომ მოკვდეს, რომ მტერმა აღარ ამოიღოს მიზანში და დავუფასოთ, რომ ღვედი შეგვაკვრევინა.
ეს არ არის ჯანსაღი, თავისუფალი საზოგადოების წესი, განსჯით მიღწეულ არჩევანზე დამყარებული პოლიტიკა.
ზვიადისტი კეთროვანად მიიჩნეოდა, სანამ ედუარდ შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში. ახლა ეროვნული საკითხი დადგა და გმირად, წმინდანად ვიხსენიებთ.
ძალიან ემოციური ფილმი გააკეთეს “ფედერალისტებმა”. ძალიან კონტრასტულად დაგვანახეს ბრძოლა. უცრემლოდ ვერ უყურა ვერავინ ილიას, ქაქუცას, ევგენი მიქელაძეს… მერაბს, ზვიადს…
მაგრამ 1991 წლიდან პირდაპირ 2012 წელზე
გადმოვიდა თხრობა, მაშინ როდესაც 2008 წელს ომი გადაიტანა ქვეყანამ და
პრეზიდენტიან რიგითი ჯარისკაციან გმირობის მაგალითი უჩვენა ყველამ.
მათი ხსენებისას ფილმი იქნებ ასეთი ემოციურიც არ ყოფილიყო, და სწორად გადაწყვიტეს ავტორებმა, მაგრამ ესეც პროპაგანდის შედეგი იქნებოდა.
შეცდომა არის ასეთ მტრულ ნარატივში ჩაჯდომა. იმის მტკიცება ქათამი იყო თუ არა პრეზიდენტი.
საკმარისია, ამ მსჯელობაში შეხვიდე, რომ უკვე დამარცხდი. ან იმ გაგებაში, რომელ პრეზიდენტი ან პროკურორი, ან პოლიციელი არ არის მიუღებელი?!
ჩვენ შეგვიცვალეს ისტორიული პერსპექტივა. 2008 წლის 1 სექტემბერს პრეზიდენტმა დ.მედვედევმა მოიცალა და ზვიად გამსახურდია გაიხსენა.
იმ ჭრილში, რომელშიც კომისია მუშაობს სამშობლოს მოღალატეობა იწყება პრეზიდენტ მ.სააკაშვილით და სრულდება 1801 წლით.
როდესაც იარაღაყრილ ქართველ თავადაზნაურობას გამოუცხადეს სიონის ტაძარში император всероссийский и прочиа и прочиа, и прочиа…
მაშინ რუსული სოლომონ ლიონიძის გარდა არავინ იცოდა და ძირითადად პროჩია, პროჩია ჩაესმოდათ…
სამეფო სამეფოზე იკარგებოდა, უფლისწულს უფლისწულზე და ეპისკოპოსს ეპისკოპოსზე ისტუმრებდა საიქიოს…
და თავად აზნაურობას ამსჯელებდნენ, რამდენ ზაქს ჭამდა გიორგი მეთორმეტე ერთ ჭამაზე…
იმის შემდეგ არ შეცვლილა მათი მიდგომა. და ბევრი მას შემდეგ ყოველ ჯერზე იგივე მახეში ებმება…
პოლიტიკური პირი რა მადლმოსილიც ან მავნებელიც არ უნდა იყოს იცვლება ცივი განსჯის საფუძველზე თავისუფალი არჩევნების გზით.
არსებობს სოციალურ ფსიქოლოგიაში უამრავი თეორია, როგორი ძნელია მასთან მისი მომხრეების დაშორება, როგორ ახლავს ნიმბი წარსული დიდების, რომლითაც სარგებლობას ცდილობს…
მაგრამ არჩევნები და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა პოლიტიკოსს აქცევს ერის მიერ დროებით დაქირავებულ პირად.
მისი შემფასებელიც და დამფასებელიც ხდება ისტორია.
დღეს პრეზიდენტ მ.სააკაშვილის გაშავება მიზნად შეიძლება ისახავდეს მხოლოდ ქვეყნის დასავლური კურსიდან გადაყვანას.
რაც პირდაპირ გამოგვიცხადეს 2024 წლის 29 აპრილს.
და წლების განმავლობაში იმდენად ამორეცხეს საზოგადოების ტვინი მისი სიბოროტით, რომ ბევრი თანხმდება, რომ ჯობია ქვეყანა დაიქცეს, ოღონდ მისი საფრთხე გაქარწყლდეს.
იგივე არ გააკეთეს 1993 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ?!
ბევრი ელოდება მის სიკვდილს, რომ ამოისუნთქოს და სწორედ ამიტომ არ კლავენ, არამედ მისი სახელით კლავენ ქვეყანას.
ნუ ვექცევით ისევ ამ ბოროტ მანკიერ წრეში. განვსაჯოთ ცივად, რაც ერთხელ გამოიარა საზოგადოებამ, რაზეც ამაღლდა, რამაც გაზარდა არასდროს არ არის და არც ხდება გამოწვევა მომავალში.
გამოწვევა რეჟიმია, რომელიც ანადგურებს ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.