” ავტორიტარიზმის კიდევ ერთი იარაღი, რომ შეგაგუოს თავისუფლების და ღირსების დაკარგვას – არის – ვერ მოიცალო.
როდესაც საბჭოთა ჯარები შევლენ რუმინეთში ნაციზმის დამარცხების შემდეგ – “გაათავისუფლებენ რუმინეთს”.
ი.სტალინი მოიკითხავს, არის თუ არა მუშათა პარტია ქვეყანაში, ვინც ჩაიბარებს ხელისუფლებას.
მოძებნიან რკინიგზის მუშას, რომელიც 1930-იანი წლებიდან გაფიცვის მოწყობისთვის იხდის სასჯელს და მოსკოვში წაიყვანენ.
გეორიუ-დეჟი გეორგე ი.სტალინს გულწრფელად ეტყვის, რომ ქვეყანას ვერ გადაიბარებს, რადგან ამისთვის საჭირო არც გამოცდილება აქვს და არც ცოდნა.
“სინამდვილეში ძალიან ადვილია. ისე გააკეთე, რომ ხალხმა ვერ მოიცალოს და სირთულე არ შეგექმნება”. – დაარიგებს ხალხთა ბელადი.
რუმინეთში დაბრუნებული გეორგე დაარსებს შრომა-გასწორებით კოლონიებს და მთელ რუმინეთს ჩართავს 95 კილომეტრიანი დუნაი-შავი ზღვის არხის მშენებლობაში.
მისი მემკვიდრე ნიკოლაი ჩაუშესკუ სტალინურ დარიგებას თითქმის სრულყოფილებად აქცევს.
ტოტალურად დასაქმებული და სუს-ის “სეკურიტატას” ტოტალურ კონტროლს დაქვემდებარებული რუმინეთი წლიდან წლამდე კოტრდება, იმშევა…
სანამ მისი მდგომარეობა არ გახდება ზღვრული – ევროპული “ჩრდილოეთ კორეა”. სანამ სტალინური ფორმულა საზოგადოებას არ დასცემს ფსკერზე.
ვინმეს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ სოციალური დახმარება და ადამიანების მასობრივად დასაქმება დაბალანაზღაურებად საჯარო სამსახურებში და ამ მიზნით შექმნილ საწარმოებში თავისუფალი – და რეალურად უზრუნველყოფილი – მომავლის დაკარგვასთან შეგუების ერთ-ერთი მექანიზმია.
ხომ მუშაობს? სად მუშაობს? … იყო მთავარი კითხვა საბჭოთა დროს. რამდენად შედეგიანად არავის აინტერესებდა.
თუ ოდნავ გაქნილი იყო… მოდიოდა შემდეგი კითხვა, ლევი რამდენი აქვს? (ანუ რამდენს იპარავს?).
სწორედ დასაქმება და თან დამნაშავედ ყოფნა არის ავტორიტარიზმის მთავარი იარაღი დღეს.
იღებ ხელფასს და სინამდვილეში იპარავ ან უფრო მარტივად ვთქვათ, გიხდიან, რომ გაჩუმდე. გაჩუმდე მაშინ როდესაც გძარცვავენ.
ვერტიკალზე შრეებად დაყოფილი საზოგადოება უნდა დაკმაყოფილდეს მინიმალურად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო პასიურობა, უმოქმედობა.
ამიტომ იწყება მაღალი თანამდებობით, პრემიებით, ხელფასის წლიური ზრდით საჯარო სამსახურში და ჩამოდის სსიპ-ებსა და მუნიციპალიტეტებში, რესურს ცენტრებში 200-300 ლარიანი უშედეგო თანამშრომლებით.
იღებენ ხელფასს მაგრამ უქმობენ, და რაც მთავარია, უქმობენ საზოგადოებრივად. მათ უხდიან შეგუების გასამრჯელოს.
ეს მიდგომა გამოსჭვიოდა, როდესაც საზოგადოების მღელვარების დროს ზრდიდნენ და ზრდიდნენ უქმე დღეების რაოდენობას.
საჯარო ადმინისტრაცია პარალიზებულია, იღებს ჯამაგირს, მაგრამ იცის რომ თანამზრახველია რეჟიმის, რომელიც საზოგადოებას ართმევს არჩევანს, მომავალს.
ხარ ბედნიერი, რომ გაქვს სამსახური, იხდი სესხს… მაგრამ თან გაქვს მძაფრი დანაშაულის განცდა, რომელიც გამზადებს იმისთვის რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგსაჯონ და სამართლიანად.
და შენი დასჯა შეუძლია იმას, ვინც ხელისუფლებაშია ანუ მორჩილი ხდები იმისვე, ვინც გაქცია დამნაშავედ.
აი, ეს არის ფორმულა, რომელიც ი.სტალინმა გაატანა გეორგეს რუმინეთში და რომელმაც რუმინეთი ჯოჯოხეთად აქცია ათწლეულების განმავლობაში.
იგივე შეეხება ბიზნესს, რომელიც იწყება სახელმწიფო ტენდერებით, მომგებიანი უძრავი ქონების დანაწილებით ლოიალურ ბიზნესმენებს შორის;
და სრულდება მიკროსესხებით და შეღავათებით მოსავლის დასათესად, ასაღებად, ოჯახური სასტუმროს შესაკეთებლად…
ამიტომ ტოტალიტარიზმს არ აქვს მხოლოდ 5000 ლარიანი ჯარიმის, თეატრებში, საჯარო დაწესებულებაში… სუს-ის მცოცავი შევიწროების, რეპრესიის სახე.
ი.სტალინის ფორმულა დღეს სხვაგვარად არის ამუშავებული. და მას ფინანსური და არა მხოლოდ ტერორის სახე აქვს.
კოლონიზაციაც ხომ ეგ არის?!
გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ტყუვდება, დღეს ბრჭყვიალა სარკეში გიცვლის მის კუთვნილ ოქროს, ძვირფას ქვებს და მისივე სიმდიდრით აგრძელებ მის მორჩილებაში ყოლას და ძარცვას.
განვითარებული, დასავლური, თავისუფალი მომავლის დათმობაში გიხდიან 300 ლარს თვეში და შენ გგონია, რომ ხელისუფლება მოატყუე, მაგრამ სამუდამოდ მოტყუებული და დამნაშავე რჩები თავად და რჩება შენი შთამომავლობა…
300 ლარი არაფერში გყოფნის, თანდათან სათიბს ჰყიდი, შემდეგ საკარმიდამოს ჩამოაჭრი მიწას… და იძირკვები ქვეყნიდან.
სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის, სულ უფრო ნაკლებად გესმის ქართული ქუჩებში…
მაგრამ გეუბნებიან, რომ გინარჩუნებენ მშვიდობას, ეროვნებას და სარწმუნოებას…” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.