აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დავით ფაცაციამ ისაუბრა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ადგილზე გაეცნო დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„ფოთში, გაგრის ქ. №11-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია, „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი განმუხურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა) რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების“ და „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამების ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, ესებუას ქ. №7-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად აგრძელებენ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას.
„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.
ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
