დავით უსუფაშვილი საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე – მე ამ პროექტს „გირჩის“ პროექტს ვერ ვუწოდებ – ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი და რომ არა მმართველი გუნდის პოლიტიკური განზრახულობა, „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა

მე ამ პროექტს „გირჩის“ პროექტს ვერ ვუწოდებ – ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი და რომ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა, „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, – აღნიშნული განცხადება „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივას უმრავლესობა მხარს დაუჭრეს.
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, თავად პარტია “ლელო“ საარჩევნო სიას იმ მოდელით წარადგენს, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.
“ამ ეტაპზე ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია – გავა წლები და საჭირო და აუცილებელი აღარ იქნება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “გირჩის“ პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.
როგორც ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, უმრავლესობა“გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭირეს, ხოლო “გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში “კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“.
ბიურომ “გირჩის“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.
“საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერსა და ს შორის კომუნიკაცია შედგა. ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპებს უმრავლესობა ეთანხმება. ასევე ეთანხმება მის დაჩქარებული წესით განხილვას. სამაგიეროდ, “გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“, – განაცხადა დავითულიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.