დავით უსუფაშვილი – დღეს იყო დროში შეკუმშული „კომპარტიის“ ყრილობა, როდესაც შეიკრიბებოდნენ გამოწკეპილი, გამეხებული, სერიოზული სახეებით, ვითომ რაღაცას წყვეტდნენ, უბრალოდ, იქ ბევრი გამოსვლა და ტაში იყო, აქ ესეც ეზარებათ

ის, რაც დღეს მოხდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დროში შეკუმშული კომპარტიის ყრილობა, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” “ქართული ოცნების” ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
უსუფაშვილის შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ადამიანებს შორის მიდის ბრძოლა.
“ის, რაც დღეს მოხდა, იყო არაფერი სხვა, თუ არა დროში შეკუმშული კომპარტიის ყრილობა, როდესაც შეიკრიბებოდნენ პატივცემული გვამები მოჭრილი ჩაცმულობით, გამოწკეპილნი, გამეხებული, სერიოზული სახეებით, ვითომ იქ რაღაცას წყვეტდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ზემოთ ერთი ან ორი კაცი რაღაცას გადაწყვეტდა და მერე ყველა ერთად ხელს აუწევდა. უბრალოდ, იქ ბევრი გამოსვლა და ბევრი ტაში იყო, აქ ესეც ეზარებათ.
რაც შეეხება შინაარსს – მე თავად პარტია “ქართული ოცნების” შიგნით არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კოალიციაში ვიყავი, თუმცა, ვხედავდი როგორ იქმნებოდა ან როგორ კომპლექტდებოდა. მახსოვს, რამხელა ფიქრი და განსჯა იყო, ვინ უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოში, ვინ უნდა ყოფილიყო პარტიის ხელმძღვანელი და ა.შ. ახლა რასთან გვაქვს საქმე – ახლა გვაქვს ერთმანეთთან დარეულ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ადამიანებს შორის ბრძოლა, რომელშიც ხან ერთი წამოიწევს წინ და ჩაიგდებს ხელში ძალაუფლების კურთხევასა და მადლს საპატიო თავმჯდომარისგან, მერე ის გახდება პარტიის თავმჯდომარეც, პრემიერიც, მერე რაღაცის გამო ვიღაცას ცოტა გაწევენ. ეს ცოტა გაწევა ყველას აშინებს იმიტომ, რომ იციან, ამას ბოლომდე გაწევა მოჰყვება ხოლმე. ეს რომ არ ხდებოდეს ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანაში და არ ვლაპარაკობდეთ იმ ხალხზე, ვისაც დე ფაქტოდ ხელში უპყრიათ ჩვენი ქვეყნის ბედი, მომავალი და ძალაუფლება, მაშინ მშვენიერი სერიალია, რომლითაც შეგვიძლია გავერთოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებასაც, რომელმაც “მეგობარ აქტს” ნაჭორავები აქტი უწოდა. მისი თქმით, მთავარი ის არ არის, რომ დასანქცირებული პირის თანამდებობა შეეშალათ, მთავარია, რომ იმ პროცესებს ხედავენ ამერიკელები, რის გამოც აღნიშნული აქტი მიიღეს.
“(ს) ამის მეტი სათქმელი რომ არაფერი აქვს, იმას კი არ ამბობს, რომ ჩემი ხელისუფლების ამდენი წარმომადგენელი იმ ქვეყნის უმაღლესი დონის პოლიტიკოსების გადმოსახედიდან, ვისთანაც უმჭიდროესი თანამშრომლობა გვქონდა და ა.შ. რომ აქამდე მივიყვანეთ საქმე… ახლა იქ მძიმე და წერტილი აკლდა და თანამდებობა რომ სწორად არაა მითითებული – ამაზე ლაპარაკობს, სხვა ვერაფერზე. ამას სერიოზულად ვერ განვიხილავთ.
როცა ლაპარაკობენ, იმათ რა ესაქმებათ ჩვენს ურთიერთობებშიო, ერთ რამეს მიჩქმალავენ ხოლმე – საქართველოს, გარდა შიდა კანონმდებლობისა, აქვს საერთაშორისო კანონმდებლობა ანუ ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი შეთანხმებებზე, კონვენციებზე, ადამიანის უფლებების დაცვის აქტებზე, იმ აქტების აღსრულების მექანიზმებზე და ყველა ეს კონვენცია, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი და აღებული აქვს ვალდებულება, რომ ჩვენ ამას შევასრულებთ, ყველა მოითხოვს ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ, რომ კადრებში რასაც ვხედავთ – რუსთაველზე, ქუჩაში, ასფალტზე მწოლიარე ახალგაზრდას რომ ჩაუვლის ვიღაც ფორმიანი ადამიანი და ქუსლს რომ ამოარტყამს სახეში, მერე მეორე რომ ჩამოივლის და წიხლს ამოარტყამს, ამის მერე თვეები რომ გავა და არც ამ ადამიანებს დასჯის ვინმე, არც მათ ხელმძღვანელებს, ვინც იქ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, არც ზემოთ და პრემიერ-მინისტრი ამაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს და ამაზე ხმას არ ამოიღებს, ეს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდებოდა რწმენა, რომ ეს არის სისტემური მოქმედება. ამ ადამიანებს კი არ სჯიან, ახალისებენ, აჯილდოებენ. ახლა ისინი (ამერიკელები) ამას რომ ხედავენ და გამოარჩევენ, სანქციები ვის ემუქრება, ეს არის რეალობა და ეს არის მთავარი და თუ აქ რომელიმეს თანამდებობა არასწორად წაიკითხა ვინმე მდინარაძემ, ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ სისტემურ დანაშაულს ხედავენ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.