გაყინული რუსული აქტივები უკრაინის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს, რუსეთმა კი, როგორც აგრესორმა, ამით უნდა გადაიხადოს საზღაური, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დიპლომატმა დავით სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპული საბჭოს სამიტზე გაყინული რუსული აქტივების საკითხზე მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, ბელგია და იტალია იმიტომ არ უჭერენ მხარს, რომ არ სურთ, მთელი პასუხისმგებლობა მათ დაეკისროთ, რადგან სწორედ მათ იურისდიქციაშია რუსული თანხების უდიდესი ნაწილი.
სიხარულიძის შეფასებით, ეს პრობლემა მოგვარებადია, თუ პასუხისმგებლობას ევროკავშირის ყველა ქვეყანა თანაბრად გაინაწილებს.
„მე ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს გაყინული რუსული აქტივები პირდაპირ იქნას მიმართული უკრაინის საჭიროებებისათვის. ეს არის, ერთის მხრივ, იმისათვის, რომ აგრესორმა მიიღოს საზღაური. მის მიერ არის ეს ქალაქები და ადგილები დანგრეული, ამიტომ აუცილებელია, რომ სწორედ იმ თანხით იქნეს აღდგენილი, რომელიც მას ეკუთვნოდა.
აქ ორი სხვადასხვა პოზიცია უნდა განვასხვაოთ – უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიცია გასაგებია, რაც შეეხება ბელგიისა და იტალიის მოტივაციას, ეს ცოტა განსხვავებული მოტივაციაა და მე ვფიქრობ, აქ ეს საკითხი უფრო მოგვარებადია. უბრალოდ, ამ თანხების უდიდესი ნაწილი ბელგიის იურისდიქციაშია და გარკვეული ნაწილი – იტალიის იურისდიქციაში. ამიტომ, ამ ქვეყნებს აქვთ წუხილი და ეს წუხილი ლეგიტიმურია, რადგან რამე რომ იყოს და, ვთქვათ, ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა საერთაშორისო სასამართლოს საჩივრით მიმართოს, ისინი არ იყვნენ მარტო ამ პრობლემის წინაშე და პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყოს. მე ვფიქრობ, რომ აქ მოძებნადია და ძალიან ადვილად პოვნადია ის, რომ ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გაიზიაროს“, – განაცხადა სიხარულიძემ.
კითხვაზე, გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემამ შეიძლება თუ არა ომის გაღრმავება გამოიწვიოს, სიხარულიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო დააახლოებს მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას.
„ეს გადაწყვეტილება ომს უფრო დასასრულისკენ წაიყვანს, ვიდრე გაღვივებისკენ. აბსოლუტურად სრული სისულელეა, რასაც ორბანი იძახის, რომ ეს გადაწყვეტილება ომში ჩართვას ნიშნავსო. აქ არ შეიძლება ტოლობის დასმა ორივე მხარეს შორის, არც მორალურად არის გამართლებული, არც პოლიტიკურად და, ზოგადად, ფაქტობრივადაც არასწორია. ეს არ არის ორი მეომარი მხარე, ეს გახლავთ რუსეთის აგრესია მიმართული უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომში უდიდესი ზარალი მიიღო უკრაინამ, რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ქალაქები არ დანგრეულა და უკრაინა არ ებრძვის რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის ნახევარზე მეტმა ვერც გაიგო, საერთოდ რა არის ამ ომის მიზანი.
ჩემი აზრით ამ გადაწყვეტილების არმიღება ბევრად უფრო გაართულებს მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას.
ასევე თანაბარმნიშვნელოვანია უარის თქმა პუტინის ნავთობზე და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გახდეს გასაღები და მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ეს ომი შეჩერდეს იმიტომ, რომ რუსეთს ძირითადი შემოსავალი აქვს ნავთობიდან. საკმაოდ რთულია, რომ ყველა ის ხვრელი გადაიკეტოს, საიდანაც ნავთობს ყიდის, მაგრამ როგორც კი ეს ეფექტურად განხორციელდება და როგორც კი ამუშავდება ამერიკული სანქციები, მაშინ ვნახავთ უფრო მეტად განწყობილ რუსულ ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს სისხლის ღვრა“, – განაცხადა სიხარულიძემ.



