დავით სიმონია: გაგრიდან დევნილი აზა ჩილაჩავა. გუშინწინ ათამდე პოლიციელმა გაჩხრიკა და ატირა. აქციებზე უჭირავს ხოლმე წარწერა “ღირსეული პირობები დევნილებს”. ეგაა მისი ერთ-ერთი სათქმელი

გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი დავით სიმონია:
რა არ უწოდეს რუსთაველზე მდგომებს. რამდენი ფული დაახარჯეს პროპაგანდას. რანაირად არ გადაწერეს კანონები და როგორც კი მათი აღსრულება დაიწყეს, ხელში აუფეთქდათ სიმართლე.
ერთ-ერთი სიმართლეა გაგრიდან დევნილი აზა ჩილაჩავა. გუშინწინ ათამდე პოლიციელმა გაჩხრიკა და ატირა. აქციებზე უჭირავს ხოლმე წარწერა “ღირსეული პირობები დევნილებს”. ეგაა მისი ერთ-ერთი სათქმელი. დევნილების პირობებს რაც ეხება:
2010 • ნანა ფიფიამ დევნილთა სამინისტროსთან თავი დაიწვა. ითხოვდა ბინას.
2012 • ვახტანგ ჭანტურიამ სცადა თავის დაწვა. ითხოვდა ბინას.
2014 • დალი აბურჯანიამ სცადა თავის დაწვა. ითხოვდა ბინას.
2017 • ტარიელ ქობალიამ პირი ამოიკერა. ითხოვდა სახლს.
2020 • ჯუმბერ ჩხაიძე გაიყინა სახლის მოლოდინში.
2021 • ქეთევან ინალიშვილმა პირი ამოიკერა. ითხოვდა სახლს.
2021 • ხათუნა ალანია ემსხვეროპლა ხანძარს დევნილთა საცხოვრებელში.
2022 • ზურაბ ქირიამ თავი მოიკლა. ითხოვდა სახლს.
2025 • ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა. ითხოვდა სახლს.
სია არასრულია. სანამ დევნილები თავს დაიზიანებდნენ ან მოიკლავდნენ, ითხოვდნენ ბინის მომლოდინეთა გამჭვირვალე სიას. ეგრე გაქრებოდა კორუფციის რისკი და დევნილებზე მანიპულაციის ბერკეტი – ხმას თუ არ მომცემ ან რამეს გააპროტესტებ, ბინას ვერ მიიღებ. სანაცვლოდ ააგუგუნეს კამპანია და კანონები არასამთავრობოების გამჭვირვალობაზე. კამპანიები და კანონები მიეძღვნა რუსთაველზე “20 აკაცუკის აღკვეთასაც”. ხელში შერჩათ 70 წლის დევნილი იმხელა სიმართლით, ყველა სიყალბე ერთ ღამეში დაიმსხვრა. ვისაც ამ ნამსხვრევებში სიმართლის დანახვა მოუნდება – ის აზაშია.