დავით ნარმანიამ სემეკის 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2023- 2024 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში 2023-2024 წლებში არსებული მდგომარეობის, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების, გამარტივებული მომსახურებებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული მექანიზმების შესახებ.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში 2023-2024 წლებში მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის ენერგეტიკულ დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან. მისივე თქმით, ელექტროენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი მაჩვენებლები 2023 წელთან შედარებით 2024 წელს გაიზარდა და 491, 283 მლნ ლარი შეადგინა.
„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, 2024 წელს ფაქტობრივად განხოციელებულმა ინვესტიციებმა 212,647 მლნ ლარი შეადგინა, რაც ასევე აღემატება 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებულ 179,41 მლნ ლარის ინვესტიციას. წყალმომარაგების სექტორში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2023 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 468.7 მლნ ლარი, ხოლო 2024 წელს – 623.7 მლნ ლარი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებზე, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით დაბალია.
დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა მომხარებელთა ინტერესების დაცვაზე და ღნიშნა, რომ 2023-2024 წლებში სემეკში კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ 6038 განცხადება/საჩივარი შევიდა.
„გასული 2 წლის განმავლობაში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მოქალაქეებს ჩამოეწერათ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ან ხანდაზმული დავალიანებები – ჯამში 6,403,783,73 ლარის ოდენობით. ამასთანავე, სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიებმა მომხმარებლებს 2023-2024 წლებში კომპენსაციის სახით 3,757,448 ლარი გადაუხადეს“, აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ინფორმაციის საჯაროობასა და კომისიის საჯარო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ამასთანავე განმარტა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ხელშემწყობი ახალი რეგულაცია და ამ კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ სემეკის 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიშებს დადებითი შეფასება მიეცა.