დავით მესხიშვილი: ავტოსკოლები პოტენციურ მკვლელებს არ უნდა ამზადებდნენ

ავტოავარიების საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით, რადიო „კომერსანტის“ ეთერში „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა, დავით მესხიშვილმა ისაუბრა.
დავით მესხიშვილის თქმით, საგზაო უსაფრთხოება, როგორც სისტემა, საქართველოში არ არსებობს და საგზაო შემთხვევების მიზეზების შესწავლაც არ ხდება.
„პრობლემა არის იმაში, რომ საგზაო უსაფრთხოება, როგორც სისტემა, საქართველოში არ არსებობს და საგზაო შემთხვევების მიზეზების შესწავლა არ ხდება. გამოცხადებული ინფორმაცია, თუ რამდენი პროცენტი მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე, ან თრობის ქვეშ საჭის მართვაზე, ეს არ ნიშნავს შესწავლას. პრობლემის შესწავლა ნიშნავს, გამომწვევი მიზეზების დადგენას. არც სტრუქტურა არსებობს, რომელიც შეისწავლიდა საგზაო შემთხვევების მიზეზებს და დაგეგმავდა პრევენციულ ღონისძიებებს. არ არსებობს უწყება, რომელიც დაინტერესებულია საგზაო შემთხვევების მიზნების კვლევით. მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ ერთი და იმავე მიზეზით საგზაო შემთხვევა არ ხდებოდეს.
საპატრულო პოლიცია არის მომხდარზე, შემდგარ ფაქტებზე რეაგირების სამსახური, რაც არ არის საკმარისი. მთელი ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც სწავლობს მიზეზებს და შემდეგ გეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს, რომ იმავე მიზეზებით საგზაო შემთხვევები არ მოხდეს, იქ ყოველთვის იქნება ისეთი კატასტროფული შედეგი, როგორიც გვაქვს. საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს“.
„გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებლის თქმით, საგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები დაკავშირებულია განათლების პრობლემასთან და უნდა მოხდეს საფუძვლიანი რეფორმის გატარება.
„ როგორც წესი, შემთხვევები კომბინირებულია სხვადასხვა მიზეზებით. ყველაფერი იწყება განათლებიდან. დღეს მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა. ავტოსკოლები ამზადებენ ე.წ. კოდირების გზით. მათ კლიენტისგან მიღებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, არ უნდა მოამზადონ ადამიანი ისე, რომ გახადონ პოტენციური მკვლელი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა საფუძვლიანი რეფორმა. ეს უნდა გულისხმობდეს ავტოსკოლების ლიცენზირებას და ინსტრუქტორების სერტიფიცირებას. არსად, საქართველოს გარდა, ეს საქმიანობა ასე მიშვებული არაა“.
როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, სიჩქარე მთავარი პრობლემაა და მისი მართვის პასუხისმგებლობას ყველას თანაბრად უნდა გრძნობდეს.
„სიჩქარე არის მთავარი მკვლელი პრობლემა. მისი მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სიჩქარე მძღოლებთან ერთად, უნდა მართონ აღმასრულებელმა სტრუქტურებმაც. რადგან, არიან თავნება ადამიანები, რომლებისთვისაც ჯარიმის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს. ჯარიმამ ან ადმინისტრაციულმა სანქციამ რა უნდა გააკეთოს, რომ ადამიანს ერთხელ რომ დააჯარიმებს, ის შეაჩეროს და მეორედ არ გააკეთოს. ჩვენს შემთხვევაში, ვისაც ფული აქვს, ჯარიმებს იხდის და არანაირად არ ადარდებს კანონი და სხვისი სიცოცხლე“.
მან ასევე ისაუბრა ქვეითთა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობასა და დაუცველობაზე.
„ინფრასტრუქტურა ზოგადად ქვეყნის დონეზე არ არის ისე მოწესრიგებული, რომ ქვეითის უსაფრთხოება იყოს დაცული. მათ შორის, ზებრა გადასასვლელებზე.
ქვეითმა არანაკლებ უნდა იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, ვინაიდან ის არის საგზაო მოძრაობის ყველაზე დაუცველი მონაწილე. ამას ისევ განათლების პრობლემასთან მივყავართ.
ქვეითების ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არის მოუწესრიგებელი. სიჩქარე, იქ სადაც საქვეითო ზონებია, ძალიან მაღალია. ქალაქის ცენტრში სიჩქარე უნდა შეიზღუდოს, მოწესრიგდეს ქვეითთა ინფრასტრუქტურა ისე, რომ ქვეითს არ უწევდეს გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა.
ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა სახელდება.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს – -ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 1 855 შემთხვევა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, რა დროსაც 104 ადამიანი დაიღუპა, 2 898 კი დაშავდა. ამასთან, ამავე პერიოდში, ქვეით მოსიარულეზე შეჯახების 1 638 ფაქტი აღირიცხა, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა, 1 665 კი დაშავდა.
ცნობისთვის, 2022 წელს ქვეყანაში, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 5 469 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 430 ადამიანი დაიღუპა, 7 517 კი – დაშავდა.