დავით მათიკაშვილი უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე – ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა

საარჩევნო მარათონისთვის ინფორმირებული არჩევანი ყველაზე მნიშვნელოვანია – ახალი წესის შესაბამისად, ყველა ვალდებული იქნება ჩამობრძანდეს სამშობლოში, კარგად გათვითცნობიერდეს არსებულ პოლიტიკურ მდგენელში და აქ მისცეს ხმა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებთან ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.
მისი თქმით, ეს მიდგომა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში აპრობირებულია.
„ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილების ინფორმირებულად განხორციელებაში მსგავსი ცვლილება ჩვენს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ, ხელს შეუწყობს.
საქართველოს ყველა მოქალაქეს დაუბრკოლებლივ ექნება საშუალება ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას. ეს საკითხი საკუთარ ქვეყანაში, საარჩევნო ურნასთან წყდება, როდესაც თითოეული მათგანი ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემას გადაწყვეტს. 3 დღით ადრე ჩამოვა თუ რამდენიმე თვით ადრე, ამას ნუ შევუზღუდავთ, მათ სრული შესაძლებლობა აქვთ თავის ქვეყანაში მისცენ ხმა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ს მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.