სამართლებრივ ჭრილში მსჯელობას ჩვენ მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „იმედი Live-ში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მისასალმებელია, რომ გამოჩნდა ბუნებაში ადამიანი, რომელმაც კონკრეტულ რეგულაციებზე დაიწყო საუბარი.
„ბატონი ო’ბრაიენის ტონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ტონისგან, რომელიც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში გვესმოდა, იყო მკვეთრად განსხვავებული, რბილი, კონსტრუქციული და აქ კანონის გაწვევაზე საკითხი აღარ იყო. ეს არის მნიშვნელოვანი, ხაზგასასმელი. საზოგადოებამ ეს აშკარად დაინახა, რომ აქ არის საუბარი კანონის მოდიფიცირებაზე. ის თვლის, რომ თუკი კანონი იქნება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, მას აღარ ექნება კითხვის ნიშნები დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ამ არსებულ კანონში რა ნახეს ანტიდასავლური, საინტერესოა.
ძალიან მისასალმებელია, რომ გამოჩნდა ბუნებაში ადამიანი, რომელმაც კონკრეტულ რეგულაციებზე დაიწყო საუბარი. დღემდე ჩვენ მხოლოდ მშრალი აღქმების ფრაზების გარდა, ე.წ. „რუსული კანონი“, არაფერი გვსმენია. კონკრეტულ მუხლებზე, რეგულაციებზე ამაზე მსჯელობა ჩვენ შეგვიძლია და ის მოცემულობა, რომ ჯერ სასამართლომ განიხილოს და მერე მოხდეს დაჯარიმება, ეს არის მიდგომის საკითხი და სამართლის საკითხი. მსგავსი კანონმდებლობის, რეგულაციის შინაარსში დევს შემდეგი რამ, რომ როდესაც შემმოწმებელი ამოწმებს ორგანიზაციას და იქ ნახავს, რომ ის არის დასაჯარიმებელი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესია ასეთი, რომ ის სასამართლოში არ მიდის. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს თავისი უფლებამოსილებით სარგებლობას, ან გამოწერს ჯარიმას იმიტომ, რომ ჩათვლის, რომ სამართალდარღვევა არსებობს. მაგრამ კონკრეტული პირი თუკი თვლის, რომ ის არ არის დასაჯარიმებელი, მიმართავს სასამართლოს და გაასაჩივრებს. სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიმართავს და არ ეკითხება სასამართლოს დასაჯარიმებელია თუ არაო. ეს ასეა შეერთებულ შტატებშიც. სამართლებრივ ჭრილში ჩვენ მსჯელობას მივესალმებით და კიდევ არის დარჩენილი სივრცე ვეტოს დადებიდან დაძლევამდე იმ შემთხვევაში, თუკი სამართლებრივად დასაბუთებული იქნება წარმოდგენილი კონკრეტული შენიშვნები“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.