დავით მათიკაშვილი – თუ აქცია მშვიდობიანი იყო, რამ შეუშალა ხელი ბაჩო ახალაიას, რომ იქ არ იდგა, მით უმეტეს, როცა ასე გულით ეთანხმებოდა? – რა საჭირო იყო ტელეეთერიდან ცქერა, როცა იქ მიბრძანება ყველას მარტივად შეეძლო?

კი, მოიხადა ბაჩო ახალაიამ სასჯელი, მაგრამ იმ ჭრილში რომ ეთქვა „მიტყდებაო“, რაც მან 2012 წლამდე დაატრიალა საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას რცხვენია და „უტყდება“, რომ 4 ოქტომბრის პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია.
მათიკაშვილის თქმით, ბაჩო ახალიას არსიდან და მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის აქტიურად იყო ჩართული განვითარებულ მოვლენებში, თუმცა მათიკაშვილის განმარტებით, ეს საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა დაადასტურონ.
„მისი არსიდან გამომდინარე, ამ ადამიანის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, თანამდებობებიდან გამომდინარე, საქმიანობიდან გამომდინარე, მოგვეცით უფლება, რომ მაღალი ალბათობის ვარაუდით გვქონდეს იმის გააზრება, რომ შესაძლოა, ეს ადამიანი მართლაც აქტიურად იყო ამ ყველაფერში ჩართული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საგამოძიებო სტრუქტურების მიერ უნდა დადგინდეს. ჩვენ გარკვეული ჩანაწერიც მოვისმინეთ, სწორედ ამ ჩანაწერის ავთენტურობის თაობაზეა დღეს დაბარებული ბაჩო ახალაია, ხმის შესაბამის ნიმუშს იღებენ. ამიტომ, იმ რეპლიკებმა და იმ პასუხებმაც, რაც მან ჟურნალისტებს გასცა საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე, გარკვეულწილად, იმ აზრამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება, რომ ნამდვილად არ არის შორს თვითონ ეს პიროვნება ამ ძალადობრივი აქციებისგან, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საგამოძიებო სტრუქტურებში უნდა დადგინდეს და დადასტურდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თავის მხრივ კითხვებს აჩენს ისიც, რატომ არ იყო ბაჩო ახალია ფიზიკურად იმ აქციაზე, რომელსაც ასე გულშემატკივრობდა.
„მშვიდობიან აქციაში მონაწილეობის უფლება და საშუალება ჩვენს ქვეყანაში აქვს ყველას. თუკი ეს აქცია იყო მშვიდობიანი, ამ აქციას არ ჰქონდა არანაირი ძალადობრივი მიზანი, მაშინ რამ შეუშალა ხელი, რამ განაპირობა ის, რომ ეს ადამიანები, ვინც ასე გულით ეთანხმებოდნენ და თანაუგრძნობდნენ ამ აქციას, არ მიბრძანდნენ და იქ არ დადგნენ? რა საჭიროა ტელეეთერიდან ამ ყველაფრის ცქერა, როდესაც ფიზიკურად იქ მიბრძანება ყველას მარტივად შეეძლო ? აქაც არის მთელი კასკადი კითხვის ნიშნები, როგორც ბაჩო ახალიას ჭრილში, ისე სხვა მიმართულებებითაც მოუწევს პასუხის გაცემა საგამოძიებო სტრუქტურებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე შეფასებით, 4 ოქტომბრის პროცესების 9 აპრილთან შედარება არის ისეთი ფორმულირების მოძებნის მცდელობა, რომელიც მათ პასუხისმგებლობას აარიდებს.
„9 აპრილთან ძალადობრივი 4 ოქტომბრის დადარება, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ გამოსავალს ეძებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“, ცდილობენ თითის გაშვერას აქეთ-იქით და ისეთი ფორმულირების მოძიებას, რომელიც თითქოს მათ აარიდებს იმ პასუხისმგებლობისგან, რა პასუხისმგებლობაც ხმლის ამღებს მოელის, იმიტომ, რომ ხმლის ამღები, ბუნებრივია, რომ ხმლითვე დაეცემა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია -ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ბაჩო ახალიამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი.„ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი – ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში.“- განაცხადა ბაჩო ახალიამ.