[ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი] არის დაშინების მექანიზმი – მე მაინც არ მგონია, რომ ამ დონეს იკადრებს ევროკავშირი და ქართველ ხალხზე ამგვარი ზეწოლა მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს “დიფ სთიეთს” და „ომის გამჩაღებლებს უკრაინაში“, მაგრამ მათიკაშვილის განცხადებითვე, ამას ვერ ეღირსებიან.
როგორც მათიკაშვილი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დადიან და ქართველი ხალხის დასჯას ითხოვენ, თუმცა მათ მცდელობას საბოლოოდ წარმატება არ ექნება.
„მე მაინც არ მგონია, რომ ამ დონეს იკადრებს ევროკავშირი და ქართველ ხალხზე მოხდება იმგვარი ზეწოლა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ქართველი ხალხის სულისკვეთება არის, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი. ქართველმა ხალხმა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა დასავლური წამოწყების მაქსიმალურად მხარდამჭერი ყოფილიყო, მათ შორის, სამსხვერპლოზე დადო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ნატოს და შეერთებული შტატების მისიებში. ეს არის დაშინების მექანიზმი. ეს არის ჯერ კიდევ მექანიზმი შემორჩენილი იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში, “დიფ სთეითს” საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ დარჩეს. ეს იყო ზეწოლა ჩვენს საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს „დიფ სთიეთს“ და ომის გამჩაღებლებს უკრაინაში, მაგრამ ბუნებრივია, ამას ვერ ეღირსებიან.
ოპოზიცია არის ერთი დიდი მოღალატეობრივი სინდიკატი საქართველოში, ცოცხალი, ხელშესახები ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც არ იღლებიან საკუთარი ქვეყნის ღალატით. აკეთებენ იმას, რაც შეუძლია. დადიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ითხოვენ, რომ რამენაირად ქართველი ხალხი დაისაჯოს, მაგრამ ბუნებრივია მათ მცდელობას საბოლოოდ არ ექნება წარმატება. ის მნიშვნელოვანი ევროპულო გზა, რომლის საქართველომ დღემდე გამოიარა და რომელსაც აგრძელებს, ბუნებრივია, დასრულდება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
