დავით მათიკაშვილი – გუშინ, 200 ათასმა მოქალაქემ განუცხადა არა გაუმჭვირვალობას, შავი ფულის შემოდინებას, რევოლუციური სცენარების შეთხზვას

ჩვენმა საზოგადოებამ, მისმა უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ, ყველას ცალსახად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განუცხადა არა გაუმჭვირვალობას! არა შავი ფულის შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას! არა პარალელურ, გაყალბებულ დათვლებს! არა რევოლუციური სცენარების შეთხზვას და ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევას! – და დიახ ქვეყნის განვითარებას! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 ათასზე მეტი ქალი და კაცი, ერი და ბერი იდგა.
„მივესალმები ჩვენს საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ჩვენს ერს, რომელმაც კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალას და მის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გამყარების, საქართველოს ევროინტეგრაციის იდეას და გზას. დიახ, კოლეგებო გუშინ, საქართველოს დედაქალაქში, საკანონმდებლო ორგანოს წინ 200 ათასზე მეტი ქალი და კაცი, ერი და ბერი იდგა, ისინი ხაზგასმით მხარს უჭერდა და ამბობდა: „დიახ, ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას. დიახ, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. დიახ, გამჭვირვალეობას, ღიაობას, საჯაროობას, ჭეშმარიტ დემოკრატიას. დიახ, ქვეყნის ევროპულ განვითარებას – ღირსებით, ორ ფეხზე დგომით, ქვეყნის ტრადიციების, მორალის, ეკლესიის პატივისცემით, ერთურთით სიყვარულით და ერთურთის გატანით“. ამავდროულად, ჩვენმა საზოგადოებამ, მისმა უდიდესმა ნაწილმა კიდევ ერთხელ, ყველას ცალსახად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განუცხადა – არა გაუმჭვირვალობას! არა შავი ფულის შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას! არა პარალელურ, გაყალბებულ დათვლებს! არა რევოლუციური სცენარების შეთხზვას და ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავსმოხვევას! არა ქვეყნის სტაგნაციას, ომს! არა სანქციებს, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლით ემუქრება ჩვენს ქვეყანას! და დიახ, ქვეყნის განვითარებას!“, – განაცხადა მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.