ჩვენ არ გვყავს არცერთი დასაკარგი შვილი – ის ერთი დღე, როცა სრულად ეკუთვნის ხელისუფლება ხალხს და ეს არის სწორედ არჩევნების დღე, უნდა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული ყველა ჩვენი მოქალაქის მიერ, სად? – სად და საკუთარ სამშობლოში- უცხოეთში მცხოვრები თითოეული თანამოქალაქის კონსტიტუციური უფლების რეალიზება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ახალი „საარჩევნო კოდექსი“ წარადგინა.
როგორც მან განაცხადა, არჩევნების საბოლოო შედეგებზე უცხოეთში არჩევნების შედეგად დაფიქსირებული რეზულტატის რეალური გავლენა არის მინიმალური.
„საპარლამენტო არჩევნებში ნების გამოვლენა და მასში მონაწილეობა, აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება წარმოადგენს ფრიად მნიშვნელოვან ნაბიჯს. აი, სწორედ ის ერთი დღე, როცა სრულად ეკუთვნის ხელისუფლება ხალხს და ეს არის სწორედ არჩევნების დღე, უნდა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული ყველა ჩვენი მოქალაქის მიერ. გამოყენებული იმ თვალსაზრისით, რომ გააზრებული და ყოველგვარი ზეწოლის, შესაძლო პირდაპირი თუ ირიბი ხასიათის ზეწოლის გარეშე იყოს ეს უფლება რეალიზებული. სად არის ეს შესაძლებელი? – სად და საკუთარ სამშობლოში, სადაც შენს ხელისუფლებას, შენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია სრული შესაძლებლობა მართოს საარჩევნო პროცესი. ეს შესაძლებლობა არ არსებობს უცხოეთში. თვითონ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გააზრებით და ინფორმირებით გააკეთოს საკუთარი არჩევანი. აქ ერთი და ორი დღით ჩამოსვლა სავსებით საკმარისი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ამომრჩეველმა გარემო პოლიტიკური პირობების დაკვირვებისას გააზრებული და გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს. დღევანდელი გამოწვევაც მათ შორის არის არჩევნებში ჩარევა, რაც ბუნებრივია, როგორც პრეცედენტულად, ასევე პრევენციულად საკუთარ ქვეყანაში მისი აღკვეთის შესაძლებლობა არის მაქსიმალური, ხოლო უცხო ქვეყანაში ბუნებრივია ეს შესაძლებლობები არ არის.
სპეკულაციებს რომ დავუსვათ წერტილი და იმ მცდარ აზრს, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ ცდილობს უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ირიბად წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება – რეალური გავლენა უცხოეთში არჩევნების შედეგად დაფიქსირებული რეზულტატისა მთლიან საბოლოო შედეგზე არის მინიმალური. 95 ათასი რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ და მხოლოდ 35 ათასმა მიიღო მონაწილეობა, რაც არის 1.5% მთლიანი ამომრჩევლების ნუსხისა. არანაირ რეალურ გავლენას საარჩევნო შედეგზე არ ახდენს, თუმცა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი თითოეული უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქის კონსტიტუციური უფლება, ამ კონსტიტუციური უფლების რეალიზება.
ამ ცვლილებამ შეიძლება კარგი ინსპირაცია მისცეს სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ მაინც საკუთარ სამშობლოსთან ამ ურთიერთობის გარკვეული ფორმით შენარჩუნებას. ამასთან, გუშინ პრემიერმაც თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აკეთებს მაქსიმუმ იმისთვის, რომ შექმნას ის ხელსაყრელი პირობები ყველა ჩვენი ემიგრანტისთვის, რომ სულ მცირე ის ბენეფიტები მიიღოს საკუთარ ქვეყანაში, რასაც ისინი უცხოეთში იღებენ და მათი დაბრუნება მოხდეს ჩვენს სამშობლოში. ჩვენ არ გვყავს არცერთი დასაკარგი შვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ემიგრანტმა არარეზიდენტმა მოქალაქეებმა გააზრებული, გათვითცნობიერებული, ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარ სამშობლოში.
ჩვენთვის არის აბსოლუტურად გასაგები ტრანსპორტირებასთან და ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, წუხილები, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და აქ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ერთადერთი სწორი, შესაბამისი ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქე იღებს გაცნობიერებულ და ზეწოლისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას, არის საქართველო, ჩვენი სამშობლო“,- განაცხადა მათიკაშვილმა.
გარდა ამისა, მათიკაშვილის თქმით, დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, უცხოეთში იხსნებოდა უბნები, მაგრამ რუსეთში არა, ეს კი „ჩვენი მოქალაქეების არათანაბარ პირობებში ჩაყენების წინაპირობაა“.
„დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, უცხოეთში იხსნებოდა უბნები, მაგრამ არ იხსნებოდა რუსეთში. რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ გაუმართლათ, იმიტომ, რომ რუსეთთან საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მაგიტომ მათი ხმის მიცემის საშუალება იქ იყო შეზღუდული, ხოლო სადღაც რომელიღაც კონკრეტულ ქვეყანაში გაუმართლათ, იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ ქვეყანაში გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და იქ შეიძლებოდა საარჩევნო უბნის გახსნა. ეს ხომ ჩვენი მოქალაქეების არათანაბარ პირობებში ჩაყენების წინაპირობაა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.




