დღეიდან, 11 მარტიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აღარ არის ტელეკომპანია „ფორმულის“ მეწილე. საჯარო რეესტრმა წილების ცვლილებაზე 7 თებერვალს დაწყებული საქმისწარმოება დაასრულა.
არხის მფლობელებს შორის კვლავ არიან: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, გიორგი ლიფონავა, თუმცა მათი კუთვნილი წილების მოცულობა შეიცვალა. უცვლელია მხოლოდ ააიპ „თავისუფლების ფორმულის“ კუთვნილი წილი.
2025 წლის 11 მარტიდან ტელეკომპანიის წილები ასე ნაწილდება:
· მიშა მშვილდაძე – 38,25%;
· ზუკა გუმბარიძე – 32,25%;
· „თავისუფლების ფორმულა“ – 25%;
· ირაკლი საღინაძე – 2,25%;
· გიორგი ლიფონავა – 2,25%.
დავით კეზერაშვილმა „ფორმულის“ წილების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისების სურვილი 7 თებერვალს გამოხატა საჯარო რეესტრში შესული განცხადებით. რეესტრმა საქმისწარმოება შეაჩერა, რადგან სახელმწიფო უწყებამ მიიჩნია, რომ დოკუმენტები არ იყო „კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული“.
ხარვეზის გამოსასწორებლად მას 30-დღიანი ვადა ჰქონდა. რეესტრში დამატებითი დოკუმენტები 6 მარტს წარადგინეს. განახლებული განაცხადით ირკვეოდა, რომ წილებს თმობდა არამხოლოდ დავით კეზერაშვილი, არამედ გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე 10-10 პროცენტს. ორივე მათგანს მანამდე 12,25% ეკუთვნოდათ.
„ფორმულის“ შესახებ
ტელეკომპანია “ფორმულა” მიშა მშვილდაძემ, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ 2019 წლის ივლისში დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. იმავე წლის 3 სექტემბრიდან არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს. 2023 წლის აგვისტოში საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას – ააიპ თავისუფლების ფორმულას.
“ფორმულის” 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ მზად იყო, უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან “ფორმულის” თანამშრომელთა “სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად” მიიღო. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ბრალდებები სწორედ “ფორმულის” საკონტროლო პაკეტის მფლობელს მიემართებოდა – ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.
