პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების იმ არაკომპეტენტური და ანტიეროვნული ქმედებების შესაჩერებლად, რომელსაც განათლების რეფორმა უწოდეს?
ცხადია იქნება ქუჩის აქციები, რაც აუცილებელია, განსაკუთრებით საშური საქმეა სტუდენტების გააქტიურება, არა მარტო ილიაუნის და სოხუმის უნივერსიტეტის, არამედ სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებისაც, სოლიდარობა დიდი ძალაა,
თუმცა, აქციების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ სხვა აქტივობებიც. ქვემოთ ცოტა დეტალურად შევეცდები ორ, ჩემის აზრით ძალიან მნიშნელოვან და არსებითი ხასიათის გარემოებას.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, სახელისუფლო პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ილიაუნის დახურვა გაყიდოს როგორც ნაცების საბუდარის მოშლა, ხოლო თავად უნივერსიტეტი წარმოაჩინოს ადგილად, სადაც ხდებოდა ახალგაზრდობისთვის ტვინის გამორეცხვა, მათი აღზრდა უსამშობლო აკაცუკებად და ა.შ. ამ საქმეში ძალიან ინტენსიურად იქნება გამოყენებული მთელი მათი პროპაგანდისტული სიმძლავრეები.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი იყოს მრავალფეროვანი და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ისინი, ვინც ისედაც ყოველდღე რუსთაველზე დგას, ან ვისი ოპოზიციური განწყობებიც საყოველთაოდ ცნობილია, არამედ საზოგადოების ის წარმომადგენლებიც, რომლებიც დღემდე შეიძლება ნაკლებად გამოირჩეოდნენ პოლიტიკურ თემებზე აქტიურობით და რომელთა მიმართ ხელისუფლებას გაუჭირდება “ნაცის” და “აკაცუკის” იარლიყის მიკერება. ცხადია, სინდისი არ დაუშლით და ყველაფერს იტყვიან, მაგრამ აქ მთავარი ისაა ვინ დაიჯერებს და არა ის, თუ ვინ იტყვის.
გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ გეპეის და თსუ-ს შეერთებაზე უარის თქმა ხელისუფლებას იმიტომაც მოუწია, რომ ისინი დადგნენ მომხრეთა დაკარგვის საფრთხის წინაშე. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ახლაც უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად გამოყენებული. რაც უფრო მეტ ადამიანს დავანახებთ ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის დამანგრეველ შედეგებს, მით უფრო გაიზრდება წარმატების შანსი. როგორ მოხდეს ამის უზრუნველყოფა, ცალკე თემაა და აქ არ შევეხები, მაგრამ რომ უნდა მოხდეს და პროტესტის ფორმებიც მრავალფეროვანი რომ უნდა იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება,
მეორე, რაც აუცილებლად მიმაჩნია, ეს არის აკადემიური საზოგადოების მიერ საერთაშორისო კავშირების გამოყენება, რათა პროტესტის ხმა მოვიდეს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და აკადემიური წრეებისგან. ვფიქრობ ამგვარი მხარდაჭერის ორგანიზება თავისუფლადაა შესაძლებელი და თუ ეს ტალღა სერიოზულად აგორდა, ხელისუფლებას გაუჭირდება გაჯიუტება, რამდენიც არ უნდა უძახოს მსოფლიო აკადემიას დიფსთეითი, გლობალური ომპარტიის აგენტურა თუ მასონები.
პრინციპში სულ ეს არის რისი თქმაც მინდა ამ ეტაპზე, დასასრულ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ განათლების თემა არ არის პარტიული და პოლიტიკური სიმპატიების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ამ სფეროში ბოროტი და უვიცი ხელისუფლების დამანგრაველი პოლიტიკა ეხება ყველას – ნაცსაც, ქოცსაც, ცენტრისტსაც. ნეიტრალსაც და საერთოდ პოლიტიკის გაგებაში რომ არაა და რუსთაველზე რომ ხალხს ხედავს, რას აპროტესტებენო კითხულობს, იმასაც. და არა მარტო გავიაზროთ ეს, არამედ შევეცადოთ მკაფიოდ წარმოვაჩინოთ და ყველას ავუხსნათ ხალხისთვის გასაგებ ენაზე.




