დავით ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ რომ რეჟიმი აგონიაშია, ხვალ-ზეგ ჩამოიშლება და ა.შ. პირიქით, ძალიანაც მობილიზებულია და გააფთრებით იბრძვის, მააააგრაამ… დიახ, აქ არის ერთი დიდი მაგრამ

“ერთ წამითაც არ დაიჯეროთ ვინმემ, რომ ბიძინას ფეხებზე ჰკიდია ეს აქციები და არანაირ პრობლემას არ უქმნის. თვითონ კი ცდილობს ასეთი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
აქვე შევეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ ვთქვა (მთლად მოკლედ არ გამომივა, მაგრამ მაინც), თუ რატომ არ არის ასე. ცხადია, მე არ ვფიქრობ რომ რეჟიმი აგონიაშია, ხვალ-ზეგ ჩამოიშლება და ა.შ. პირიქით, ძალიანაც მობილიზებულია და გააფთრებით იბრძვის, მააააგრაამ… დიახ, აქ არის ერთი დიდი მაგრამ.
რაც არ უნდა იყოს ივანიშვილის განზრახვა, ს აგენტი იქნება იგი, ირანის, აზერბაიჯანის ან აბუ-დაბის თუ მისთვის მხოლოდ პიროვნული ძალაუფლებაა მთავარი და სხვა ყველაფერი რესურსი და საშუალება, უკლებლივ ყველა შემთხვევაში მას ჰაერივით ჭირდება შიდა და გარე ლეგიტიმაცია, როგორც სტაბილურობის გარანტის.
რატომ ჭირდება? იმიტომ, რომ დასავლეთი იქნება, ჩრდილოეთი თუ აღმოსავლეთი, არსებულ ვითარებაში არასტაბილურ ქვეყანასთან საქმეს არავინ დაიჭერს. ამერიკაშიც და ევროპაშიც ბიძინას მორალური და პოლიტიკური რეპუტაცია ისედაც ნულია და თუ სიტუაციის დაჭერასაც ვერ ახერხებს, თუ ქვეყანაში მიდის უწყვეტი აქციები, ყოველდღე იკეტება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და ამას ხელისუფლება ვერ აჩერებს, ვინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას? მეტიც, ამ ვითარებაში ბიძინას სანქცირების ალბათობაც მკვეთრად იზრდება.
მეორეს მხრივ კი ვის უნდა ამ რეგიონში ისეთი ლიდერი, რომელიც ვერც შიდა სიტუაციას იჭერს და ამერიკაში და ევროპაშიც კეთროვანია? ასეთ ლიდერთან არც არაბული სამყარო ითანამშრომლებს სერიოზულად, არც ჩინეთისთვისაა საინტერესო, არც აზერბაიჯანი მოინდომებს მასთან პარტნიორობას და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთსაც კი არაფერში არგია. შესაბამისად საერთაშორისო დონეზე აღარ დარჩება არავინ, ვის სასიცოცხლო ინტერესებშიც შეიძლება იყოს ბიძინას ხელისუფლებაში ყოფნა, რაც გარდუვალად განაპირობებს ან მის წასვლას პოლიტიკიდან, ან ძალაუფლების ვერტიკალის ჩამოშლას.
სწორედ ამიტომ ბიძინასთვის არსებითად მნიშვნელოვანია სრულად ჩაახშოს პროტესტი და ქართველმა ხალხმა აღიაროს მისი მმართველობის გარდუვალობა. სანამ ამისთვის ვერ მიუღწევია, მანამდე მის თავზე სულ დამოკლეს მახვილივით ეკიდება საერთაშორისო იზოლაციის, სანქციების და ძალაუფლების ვერტიკალის ჩამოშლის საფრთხე.
ასე, რომ ბიძინას ეს აქციები არათუ არ ჰკიდია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაფერი აშფოთებს და ნერვებს არ უშლის ისე, როგორც ყოველ საღამოს გადაკეტილი რუსთაველი.
სწორედ ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს ეს სახალხო პროტესტი. კი ბატონო, რაღაცეები დასახვეწია, ახალი კრეატიული ფორმებიცაა მოსაძებნი, მაგრამ სანამ ეს კერა არსებობს, არსებობს სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების რეალური შანსიც. ერთადერთი ის უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ამბავი. პინოჩეტის დიქტატურის დასრულებას ჩილეში წელიწადზე მეტი ხნის გაბმული პროტესტი დაჭირდა და ის დიქტატურა ივანიშვილის რეჟიმზე ბევრად სასტიკი და სისხლიანი იყო. არსებობს ასევე სომხეთის გამოცდილებაც და ფაშინიანამდე სომხეთის ხელისუფლებაც არანაკლებ ავტორიტარული გახლდათ ვიდრე დღეს ჩვენი მშობლიური.
მოკლედ, ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს. დანარჩენი ჩვენზეა,” – წერს სოციალურ ქსელში დავით ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ