დავით გორგილაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მისი გადაცემა იხურება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს გადაცემის წამყვანმა, დავით გორგილაძემ დაუდასტურა.
გადაცემის წამყვანის, დავით გორგილაძის ინფორმაციით, არხმა მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.
გადაცემა 2024 წლიდან აღარ გავა ეთერში.
ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან გადამოწმებას.
დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აფიქსირებს თავის პოზიციებს სხვადასხვა საკითხზე. ხელისუფლების მიერ დაინიციირებული “რუსული კანონის”, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საპარლამენტო განხილვების დროს, გორგილაძე აკრიტიკებდა კანონპროექტის ავტორებს და მხარდამჭერებს.
დღეს, 15 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ.საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა