დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!

ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.

„ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის! დაიწყო 2024. წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე რომ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ, ამაზე მოგახსენებთ. სწორი კონფიგურაცია კი გამარჯვების მთლად ფორმულა თუ არა, მაღალი შანსი რომაა, ამაზეც ცოტას. ამჟამად სტატისტიკური მონაცემები, თუ როდის რამდენი პროცენტი იყო 5%-ზე ქვევით მყოფი პარტიების ხმების ჯამი საპარლამენტო არჩევნებზე და როგორ იმოქმედა გამარჯვებულის გამოვლენაზე. ბარიერი სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა, დავთვალე 5%-ს ქვევით დარჩენილი პროცენტები, რადგან ახლა 5%-ია ბარიერი და თვალსაჩინოდ დავინახავთ სურათს.

5%-ს ქვევით მყოფთა ჯამი საარჩევნო წლების მიხედვით:

1990 – 17% (12 პატარა პარტია ბარიერს მიღმა)

1995 – 62% (აქედან, დაახლოებით, 3/4 გამოკვეთილად ოპოზიციური ხმები იყო – რამდენიმე ათეულ პატარა პარტიაზე გადანაწილებული, ამომრჩეველი ოპოზიციური იყო, ოპოზიცია კი მისი დაქსაქსულობით და არაკომპეტენტურობით – არსებითად, სახელისუფლებო)

1999 – 19% (“გამარჯვებული” “მოქკავშირი” 42%)

2003 – 7% (ს შედეგების დასაცავად სამკვირიანმა მიხმარებამ ქუჩიდან შეცვალა ხელისუფლება)

2004 – 9%

2008 – 7%

2012 – 5% (არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება)

2016 – 20%

2020 – 25%

მივამატოთ თბილისის საკრებულოს არჩევნების პროპორციული ნაწილიც ამ ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნებიდან. 5%-ზე ნაკლების ამღები პატარა პარტიების პროცენტების ჯამი გახლდათ:

2014 – 18%

2017 – 15%

2021 – 23%

ერთნიშნა მხოლოდ ოთხჯერაა 5%-ს ქვევით დარჩენილი პარტიების ჯამი. აქედან ორჯერ, 2004 და 2008 წლებში ხელისუფლებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა (66% და 59%) და არ არის საინტერესო ამჟამად ჩვენთვის 5%-ს ქვევით დარჩენილების საკითხი.

ორჯერ კი პოლარიზაციის მაღალი დონე იყო და ხელისუფლება შეცვალა ამომრჩეველმა და პოლიტიკურმა ოპოზიციამ – 2003 და 2012 წწ. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ოპოზიცია იყო კოალიციური( სხვადასხვა ფორმით).

ეს რიცხვები მკაფიოდ აჩვენებს და ჯიუტად ადასტურებს, რომ როცა ხელისუფლებას არა აქვს ამომრჩევლის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა გაყალბება-მიმატებებითაც კი, ის ხელისუფლობას ინარჩუნებს ბარიერს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ხმების სახელისუფლებო მანდატებად გადაქცევის საარჩევნო ტექნოლოგიით. პლუს მაჟორიტარებით.

წელს მაჟორიტარები არ იქნებიან. ხელისუფლებას 2014-დან მოყოლებული არც ერთ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში არა აქვს 50%-ზე მეტი. გამონაკლისის გარეშე – ორივე საპარლამენტო და სამივე ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით. საპარლამენტო არჩევნებში 2016 წ. 20%-ია 5%-ს ქვევით, 2020-ში 25%. თბილისის საკრებულოში 2021-ში 23%, მანამდე 18% და 15%. ამ ოპოზიციური ხმების (მაგ. 20% არის დაახლ. 400 ათასი ოპოზიციური ხმა) ნახევარი ან მეტი გარდაიქმნება სახელისუფლებო მანდატებად.

2024-ში 150 კაციან პარლამენტში 20 % რომ დარჩეს 5%-იანი ბარიერის ქვევით, ამ 400 ათასი ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების ნახევარი გადაიქცევა 15-17 სახელისუფლებო მანდატად. ვთქვათ, 41%-ს თუ გაიფორმებს „ქართული ოცნება“, მას ამ 15-17 მანდატის დამატებით გაუხდება 76 ან მეტი, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა. კვლავ მივიღებთ უმცირესობის ხმებით სახელისუფლებო უმრავლესობას.

გამსხვილებული სუბიექტების კონფიგურაციის პირობებში ოპოზიცია ჯამურად მოიგებს, რადგან ბარიერს ქვევით დარჩება ცოტა ხმა და პროცენტი. პროპორციული არჩევნები ერთტურიანია და მეორე ტურში „მიშა მოდის“ მსგავსი დამაშინებელი ტრიუკი ვეღარ იქნება.

45%-ს თუ გაიფორმებს „ოცნება“ (2020 და 2021 ქვეყნის მასშტაბით ამ რიგის მონაცემებია), 5%- იან ბარიერს მიღმა დარჩენილი ამომრჩევლის ოპოზიციური ხმების 10 პროცენტიც კი ეყოფა მანდატების 76-მდე შესავსებად.

ასე დაწვრილებით იმიტომ გაწვდით ამ ინფორმაციას, რომ კარგად გავიაზროთ, რა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბარიერს მიღმა ძალიან ცოტა, არაუმეტეს 5-7 %-ს დატოვება( რაც ნაკლები, მით უკეთესი). სწორედ ასე დაბალმა, 7-მა და 5-მა პროცენტმა უზრუნველყო ოპოზიციის გამარჯვება 2003 და 2012 წლებში.

ორივე შემთხვევაში ოპოზიციის კონფიგურაცია იყო სწორი – მინიმალურად დაიკარგა ოპოზიციური ხმები. მეტიც, ჯამურად ოპოზიციამ ხელისუფლებებზე მეტი მიიღო და გადასანაწილებელი მანდატების უმრავლესობაც ოპოზიციას შეხვდა. ასეთია დათვლის წესი.

1990 წლიდან მოყოლებული ბარიერის გადამლახველები არიან ან მხოლოდ 2 საარჩევნო სუბიექტი – სახელისუფლებო და წამყვანი ოპოზიციური(1990, 2004, 2012), ან მათ ემატება 1 მომცრო, ზომიერად ოპოზიციური, ან პირდაპირ სატელიტი პარტია(1995, 1999, 2016). შეგახსენებთ, 2020-ში 5%-ზე მეტი აქვს მხოლოდ 2 პარტიას – ოცნებას და ენმ-ს. 2008-ში წამყვან ოპოზიციურ ძალას-გაერთიანებულ ოპოზიციას დაემატა 2 ზომიერი, ხელისუფლებისთვის იმ მომენტში მისაღები პარტია. “რესპები” გარეთ დაგვტოვეს 2008-ში (ფინანსური ბარიერი 4%-იც კი არ გაიმეტეს, 3.78% გამოგვიწერეს), 1999-ში უსამართლოდ გარეთ დატოვეს მაშინ ნამდვილად ოპოზიციური ლეიბორისტები (6.97%, მაშინ ბარიერი იყო 7%) და შეუშვეს მრეწველები7%-ით, 1995-ში პარლამენტის კარი უსამართლოდ ჩაურაზეს „ზვიადისტების“ „21-ე საუკუნეს“, რომელიც მომდევნო არჩევნებისთვის ასლან აბაშიძესთან გადაბარგდა. 2016-ში თავისუფალი დემოკრატები 4.65-ით გარეთ დატოვეს და პარლამენტში შეიყვანეს ღია სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“ 5.01%-ით.

ასე, რომ ბარიერის დიდი რეზერვით დაძლევაა საჭირო, რომ ვერ გააგდონ პარლამენტიდან ბარიერგადალახული პარტია.

ყოველივე ზემოთქმული ნათლად აჩვენებს, რომ ბარიერგადამლახველი ოპოზიციური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა არის 4, ისიც იყო ერთადერთხელ, 2003 წ. 2 ნოემბრის გაუქმებულ არჩევნებში (ბლოკი ენმ/რესპები/კონსერვატორები, ლეიბორისტები, ახლები, ბურჯანაძე-დემოკრატები). სამიდან ორი, არამკვეთრი ოპოზიციური პარტიაც ერთხელ იყო სულ – 2008-ში. „ქდმ“ მუშაობდა პარლამენტში, „ლეიბორისტებიდან“ კი მხოლოდ ისინი დადიოდნენ და აძლევდნენ ხმას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლებამ ჩაუსვა სიაში. არც მეტი, არც ნაკლები. სხვათა შორის, 2008 წ. იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ხელისუფლების მოთხოვნით იყარა კენჭი შალვა ნათელაშვილმა, რათა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის წაერთმია ხმების ნაწილი. ეს პირდაპირ გამოგვიცხადა ეროვნულ საბჭოს მისმა წარმომადგენელმა 2007-ის ნოემბერში. ბევრს გვახსოვს. ეს ისე, ცნობისთვის და იმის ასახსნელადაც, თუ რატომ ჰყავდათ „ნაცებს“ ლეიბების სიით გაყვანილი საკუთარი დეპუტატები. წამყვანი ოპოზიციური გაერთიანების დეპუტატთა უმრავლესობამ გაუმართლებელი ბოიკოტი გამოაცხადა და დაჭრა მანდატები. დღემდე მიკვირს ძალიან სიმპათიური და კვალიფიციური ახალი მემარჯვენეების ასეთი საქციელი – 5 მანდატი ჰქონდათ.

ცეცხლს ნუ ვეთამაშებით! 4 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა 1990 წლიდან მოყოლებული უამრავი არჩევნების შედეგად.

„ენმ“ გადის გარანტირებულად, მაღალი შანსი აქვს გახარიასაც. ე.წ. „შუაშისტების“ (ყოფილი „ნაცების“ ჩათვლით) ერთი დიდი გაერთიანება მე გამარჯვების ფორმულა მგონია. ამ კონგლომერატს 20 %-ზე მეტის აღება შეეძლებოდა. იქნებოდა არა მესამე ძალა ოპოზიციაში, არამედ პირველი ძალა და დანარჩენ ორთან შეკრავდა პოსტსაარჩევნო კოალიციას( პოლონეთის ანალოგიურად). რაკი ჯერ კიდე პატარების დიდი გაერთიანების ნაცვლად პატარების დიდი ბაქიბუქობის დროში ვცხოვრობთ, უფრო რეალისტური მგონია, რომ ორი საშუალო, არანაცურ/არაგახარია გაერთიანება ჩამოყალიბდეს, როგორ დე-ფაქტო ბლოკები. ეს ორი ერთმანეთთან მაინც უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებდა საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში. პირველად საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ისტორიაში პარლამენტში მაღალ ბარიერგადამლახველი 4 ოპოზიციური გაერთიანება შევიდოდა სახელისუფლებო კოალიციის ჩამოყალიბების კარგი შანსებით.

ამდენი იმიტომ ვწერე, რომ სრულიად მკაფიოდ ვაჩვენო და დავუსაბუთო ყველა მობაქიბუქეს, რომ 4-ზე მეტი რეალური ოპოზიციური სუბიექტით წარდგომა საარჩევნოდ ნიშნავს ბარიერს ქვევით ოპოზიციური ხმების მოგროვებას ხელისუფლებისთვის მანდატებად გადასაცემად.

ზოგი პატარა, ზოგიც ძალიან დაპატარავებული პოლიტჯგუფი რეალურად იბრძვის არა საარჩევნო ბარიერის დასაძლევად, არა 100 ათასი ხმის ასაღებად( ნულია შანსი ბევრისთვის და ეს იციან), არამედ 1 პროცენტის გადასაბობღებლად, რაც საბიუჯეტო დაფინანსებას – წელიწადში მინიმუმ 300 ათას ლარს, 2%-600 ათასს ნიშნავს. ოპოზიციური ხმებით საკუთარი ფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არაა მთლად წესიერი პოლიტიკა და ამომრჩეველმა ასეთი პოლიტიკოსები უნდა დასაჯოს – ვერც ის 1 პროცენტი ვერ უნდა აიღონ. ეს სულაც არაა რთული – მაგ პოლიტჯგუფების უმრავლესობას სწორედ 1 პროცენტის მიდამოებში აქვთ ხმები 2020 და 2021 წწ. შედეგებით და სულ უფრო ცვდებიან, გასდით ყავლი. ხელისუფლება სპეციალურად უტოვებს ასეთებს ასეთ დაბალ ფინანსურ ბარიერს – 1%-ს. ფაქტობრივად ოპოზიციურ მინდორზე საბალახოდ ბიუჯეტის ხარჯზე უშვებს ამ ფსევდოოპოზიციურ ადამიანებს.

ჩემი ვარაუდით, გაზაფხულზე უკვე გამოჩნდება, ვის რა შანსი ექნება და მაინც დაიწყება გამსხვილებების მცდელობა. არ ვარ დარწმუნებული, რომ შედეგიანი გამოდგება ეს მცდელობები, ცხადია, არც კარგ შედეგს გამოვრიცხავ და ვგულშემატკივრობ საარჩევნო სუბიექტების გამსხვილების პროცესს. გამსხვილება თუ რეალობად იქცა, სულაც არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ ბარიერის დაწევაც კი დააპიროს, რათა ამ ნაბიჯს წამოგებული რამდენიმე ოპოზიციური პარტია სწორედ ამ დაწეული (3 ან 2) პროცენტის ქვევით აღმოჩნდეს. ” პატარების დიდ გაერთიანებას” აქვს სინერგიის ეფექტი და მართლა ეს მგონია საერთო ოპოზიციური გამარჯვების ფორმულა. ეს იცის ხელისუფლებამაც და ამიტომაც უკრძალავს პარტიებს საარჩევნო სახელის დარქმევას, ერთი პარტიის სიაში მეორე პარტიის წევრების შეყვანას, ბლოკები ხომ ისედაც აკრძალული აქვს და ა.შ.

მთავარი ის კი არაა, რომელიმე 1 ან 2 პატარა პარტია გადალახავს თუ არა მაღალ ბარიერს, მთავარია, ბარიერგადაულახავებმა არ შეადგინონ ჯამში ორნიშნა პროცენტი, რაც ამ ხელისუფლებას კვლავ დაგვიტოვებს უმცირესობის ხმებით უმრავლესობაში. რომელიმე პატარა პარტიის პოლიტიკურ ოპოზიციაში თავის დამკვიდრების ფუფუნება ჩვენს ქვეყანას ამჟამად არ აქვს, ჩემი აზრით. ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!“ – აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.