სიმბოლურია ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა. პრაქტიკულად ის გაუშვეს პოლიტიკურ პენსიაზე , – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ბერძენიშვილმა ისაუბრა მმართველ გუნდში ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ამით თბილისის მერი კახა კალაძე, „ნამდვილად არ იქნება ბედნიერი“.
„ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნებზე ირაკლი ღარიბაშვილით არცერთხელ არ გასულა ბიძინა ივანიშვილი. პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნოდ საუკეთესო ვარიანტი რომ არ იყო, ამიტომაც შეცვალა მან იგი 2015 წლის დეკემბერში… ირაკლი ღარიბაშვილი არ ელოდა, რომ მისი პატრონი ამჟამად კვლავ გაისტუმრებდა პოლიტიკურ პენსიაზე. ირაკლი ღარიბაშვილი არის აღიარებითი ჩვენების უბადლო დიდოსტატი. ერთადერთი საქმეა, რაშიც ის არის სერიოზული, მაღალი კვალიფიკაციის. მან დღეს თქვა, ოჯახს მეტ ყურადღებას დავუთმობო, მეტი დრო მექნებაო. მას მიაჩნია, რომ თუ მართლა პარტიის ფორმალურ თავმჯდომარეობას უპირებენ, იქ სასეირნოდ ექნება საქმე. საარჩევნო წელს, როდესაც პარტია უნდა გავიდეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, იმიტომ, რომ წაგება ნიშნავს აორთქლებას, ასეთ დროს, თურმე სანახევრო მუშაობას აპირებს, ოჯახს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, დასვენებას აპირებს….ამ სამეულის ქვევით აღმოჩნდება კახი კალაძე, რომელიც დღემდე პარტიის გენერალური მდივანია. კალაძე ნამდვილად არ იქნება ბედნიერი პარტიაში სამი უფროსი რომ გაუჩნდება. პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც მეტ-ნაკლებად რეიტინგი აქვს, პირდაპირ არჩეული მერია, ერთადერთი ელექტორალური ფიგურაა შერჩენილი „ოცნებაში“, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით რაღაც წარმატებული პროექტები აქვს, ზოგი სატრანსპორტო კვანძი კარგად მუშაობს, მინუსებიც აქვს და პლუსებიც, მაგრამ პლუსები რომ აქვს ივანიშვილის რომელიმე ქვეშევრდომს, ეს ივანიშვილისთვის პლუსი არ არის. კალაძეს მოუწევს მოგუდულად ყოფნა, სამი უფროსი ეყოლება, პარალელურად უნდა აქოს და ადიდოს დიდი ბელადი, ივანიშვილი. არავის არ მოუგია ბრძოლა, ასე არ ხდება ივანიშვილთან ერთმა რომ მეორეს მოუგო, მესამის წინააღმდეგ. ივანიშვილი პერიოდულად ამ თავის ლიფტიორებს ცვლის, ყველას ლიფტიორად უყურებს“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ოპოზიცია საკმარისად მოჭკვიანებულია”.
„ივანიშვილი ძალიან გაცვეთილია. ივანიშვილი რაც არის, ეს არის. რა თქმა უნდა, მას საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენები აქვს, საკუთარ შესაძლებლობებზეც. მათი წარმატება გადის ქართული ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია საკმარისად მოჭკვიანებულია უკვე, იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის არაპოლიტიკური ტრიუკები პოლიტიკის მიღმა დავტოვოთ“ , – აღნიშნა ბერძენიშვილმა.