სრულიად მკაფიოა, რომ ნიკა მელიას 4 ნომერს ერთი ხელი ჩაყოფილი ექნება 5 ნომრის საარჩევნო ყულაბაში და იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენტი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის მოსაზრებით, ნიკა მელიას, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისა, ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვების პოტენციალიც აქვს.
„ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების ნაწილს წამოიყვანს. ხოლო მეორე ხელი ექნება მყარად ან ნაკლებად მყარად ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველში. ასიათასობითაა ასეთი ამომრჩეველი. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს 4 ნომერი იქნება სხვადასხვა პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანების ახალი ერთობა, რომელთა ნაწილიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომავლობისა; მეორე ნაწილი იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული წარმომავლობის ოპოზიციონერები; იქნებიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკაში არ არიან, მაგრამ საჯარო სივრცეში ძალიან აქტიურები არიან; ასევე არასამთავრობო სექტორიდან; სამოქალაქო სექტორიდან. თუ ეს სისტემა შეიქმნება, მე ამ სისტემას ვგულშემატკივრობ. ამ პოლიტიკურ სუბიექტს, რა თქმა უნდა, ექნება ძალიან სერიოზული შანსები, რომ იყოს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება „გირჩი-მეტი თავისუფლებასა“ და „დროას“, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით ისინი „ბარიერის გადამლახავები არ ჩანან“.
„ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას მდგომარეობა დღეს ცოტა გაუგებარია. ცალკე აღებული „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ დღევანდელი სასტარტო პოზიციიდან არ ჩანან ბარიერის გადამლახველები, თუ არ გაიზრდებიან“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, საქმე იქამდე მიდის, რომ 3-4 თვეში „პატარების დიდ გაერთიანებას“ ვიხილავთ.
„მე ვფიქრობ, ოპოზიციური სპექტრი სულ უფრო და უფრო უახლოვდება გამოკრისტალებას და ამას 3-4 თვე კიდევ დასჭირდება. პატარების დიდი გაერთიანება იყო ჩემი იდეა და ნელ-ნელა საქმე ამ პროცესისკენ მიდის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.