დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დგინდება

უცხოელთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებაც იგეგმება.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებია, რომლის მიხედვით, უცხოელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დგინდება.
აღნიშნული სასჯელი შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, სასჯელის სახით დანიშნულ საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე, დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განსხვავებული ვადები დგინდება. კონკრეტულად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელს შეიძლება დაენიშნოს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში − 5-დან 20 წლამდე ვადით.
ამავე პროექტით, ცალკეული ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება – კერძოდ, იმ უცხოელის მიერ, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან რომლის მიმართაც არსებობს საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა უცხოელის მიერ სამგზავრო დოკუმენტის განზრახ განადგურებაში ან ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, დოკუმენტის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურისათვის თავის არიდებაში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდებაში, დაისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებით და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 6 წლამდე.
ამავდროულად, აღნიშნული ნორმა, დამამძიმებელ გარემოებათა სახით ითვალისწინებს იგივე ქმედების ჩადენას არაერთგზის, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის, სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5-დან 9-წლამდე.
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, ცალკეულ დანაშაულებს (344-ე და 344/1 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულები) სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება.
შს სამინისტროს საკანონმდებლო პროექტი განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადაეცა.