ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ცვლილებებს უმაღლესი განათლების სისტემაში, აკრიტიკებენ მას, მიიჩნევენ რა „ცენზურის დამყარების მცდელობად“. ისინი ორშაბათს, 20 ოქტომბერს, განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ.
„მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მუდამ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა ავტოკრატიული რეჟიმებისთვის, ვინაიდან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა ამხელდა მათ. ასეა დღესაც“, – მიიჩნევენ სტუდენტები.
სტუდენტების სახელით განცხადება წაიკითხა უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა და თქვა, რომ „ქართული ოცნების” მხილებასა და წინააღმდეგობაში დიდი წვლილი სტუდენტებს, ლექტორებს და მასწავლებლებს მიუძღვით“, რის გამოც „გასაკვირი არაა, რომ „ქართული ოცნების“ რეპრესიების მთავარ სამიზნეს ზუსტად ეს სივრცეები წარმოადგენს“.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეფორმები მიზნად არ ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მიზეზი, რისთვისაც კობახიძემ ეს ცვლილებები დააანონსა, არის ამ სივრცეებში კრიტიკული აზრის ჩახშობა, ცენზურა და უნივერსიტეტებში პარტიული პოლიტიკის გატარება“, – მიიჩნევენ ისინი.
ამასთან, რეფორმის დაანონსებას უყურებენ, როგორც „მუქარის გზავნილს“ იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც, მათი სიტყვებით, „ღიად გამოთქვამენ კრიტიკულ დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ“.
„ეს ხედვა მხოლოდ და მხოლოდ ქართული უმაღლესი განათლების ევროპული აკადემიური სივრციდან იზოლირებას და დამორჩილებას ემსახურება“, – განაცხადეს სტუდენტებმა.
ისინი ორშაბათს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ: „მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს, მათ შორის მათ, ვინც აქამდე ჩართულები არ იყავით, შემოგვიერთდეთ წინააღმდეგობაში“.
დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე გამოეხმაურა კობახიძის მიერ წარდგენილი საუნივერსიტეტო რეფორმის ხედვას, რომელიც შეეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებასაც, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
„უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები. უნივერსიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია, თაობებს შორის უწყვეტობის, მემკვიდრეობითი კავშირის ადგილია. აქ ხვდება ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი ქვეყნის, ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ინსტრუმენტით: „აზრის აღებ-მიცემობის“ (ილია) ძალით და ამის მოშლა დაუშვებელია“, – დაწერა ნინო დობორჯგინიძემ ფეისბუკში და გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ილიაუნი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო უნივერსიტეტად არის შეფასებული.
კობახიძემ გუშინ, 16 ოქტომბერს, წარადგინა უმაღლესი განათლების შვიდი გამოწვევისა და მათი გადაჭრის გზებზე პროგრამა. „საუნივერსიტეტო რეფორმის“ კონცეფციის მიხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ იქნება.
პრობლემებს შორის დაასახელა სტუდენტების 85%-ის კონცენტრაცია თბილისში და „ფაკულტეტების დუბლირება“, გამოსწორების გზად კი დასახა პრინციპი: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
ეს ნიშნავს „თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტების გადანაწილებას კონკრეტულ უნივერსიტეტებზე“.
პრობლემად დაასახელა „ჭარბად მოზიდული უცხოელი სტუდენტები“ და განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ „კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში“.
კობახიძის თქმით, საჯარო განხილვების შემდეგ დოკუმენტმა უნდა მიიღოს საბოლოო სახე და დამტკიცდეს ჯერ სამთავრობო კომისიის, შემდეგ კი მთავრობის მიერ.
ფორუმი




