შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით 18 წლის ბიჭი დააკავეს. გარდა ამისა, დაკავებულს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
დარახველიძის თქმით, დაკავებულს მკვლელობა შეუკვეთა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ელმურაზ მამედოვმა. შსს-ში აცხადებენ, რომ მამედოვმა მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე მოაკვლევინა ერთი ადამიანი.
ორივე პირი, ვისი მკვლელობაც მამედოვმა შეუკვეთა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდანაა.
“ბრალდებულს, საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის, 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე. ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა. ის სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინზე.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიება გრძელდება ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენის და მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოსავლენად.
შსს-ს ცნობით, ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ არაერთი სისხლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც იძებნება.
“მამედოვს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი. მათ შორის, მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.




