რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არმიის გენერალ დმიტრი ბულგაკოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.
ამის შესახებ ცნობა გაავრცელეს რუსეთის უშიშროების სამსახურმა და საგამოძიებო კომიტეტმა. ბულგაკოვი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე იყო 2008-დან 2022 წლამდე და ზურგის და შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას კურირებდა.
ის თანამდებობიდან მოხსნეს 2022 წლის სექტემბერში, მობილიზაციის გამოცხადებიდან მალევე. ბულგაკოვის მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლის შესახებ საგამოძიებო კომიტეტი და უშიშროების სამსახური ზუსტ ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ საქმე ეხება დანაშაულს კორუფციის მიმართულებით.
საქმის დეტალებიც უცნობია და გენერლის დაპატიმრების თარიღიც.
თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი „რიბარი“ წერს, რომ საგამოძიებო მოქმედება ბულგაკოვის მიმართ უკვე მაისში დაიწყო. ის ახლა ლეფერტოვოს საგამოძიებო იზოლატორშია, მოსკოვში.
ბულგაკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა 2016 წელს.
ის კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედროა, რომელიც პასუხისგებაში მისცეს ბოლო თვეებში. აპრილში დააკავეს ტიმურ ივანოვი, კიდევ ერთი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ზურგს კურირებდა. ბულგაკოვისგან განსხვავებით, ივანოვი დაკავების მომენტში მინისტრის მოქმედი მოადგილე იყო.